დღეს ბასილაშვილი ჰამბურგში მერვედფინალს ითამაშებს
დღეს ბასილაშვილი ჰამბურგში მერვედფინალს ითამაშებს

მსოფლიოს მე-16 ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს მეორე შეხვედრას ჩაატარებს ჰამბურგის ATP500-ის ტურნირზე. მერვედფინალში ქართველი ჩოგბურთელი არგენტინელ ხუან იგნასიო ლონდეროსთან ითამაშებს, რომელიც მსოფლიოს კლასიფიკაციაში 56-ე ნომერია.

ეს ჩოგბურთელები ცოტა ხნის წინ, როლან გაროსის პირველ წრეში შეხვდნენ ერთმანეთს და ლონდერომ უპრობლემოდ დაამარცხა ქართველი – 6:4, 6:1, 6:3.

არგენტინელი კარგ ფორმაში იმყოფება – გასულ კვირას, მან შვედეთში ქალაქ ბაშტადის ტურნირში მიიღო მონაწილეობა და ფინალამდე მიაღწია, სადაც ჩილელ ნიკოლას ხარისთან დამარცხდა – 6:7(7), 4:6.

ჰამბურგის პირველ წრეში ლონდერომ ესპანელი ალეხანდრო დავიდოვიჩ-ფოკინას ბარიერი გაიარა – 6:3, 6:2. ასევე ორ სეტში მოიგო თავისი შეხვედრა ბასილაშვილმა – 6:4, 6:3 დაამარცხა ბოლივიელი უგო დელიენი.

ბასილაშვილისა და ლონდეროს შეხვედრის სავარაუდო დაწყების დროა 20 საათი და 30 წუთი.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ჩოგბურთელი ჰამბურგში შარშან მოპოვებულ ტიტულს იცავს.