პარასკევს, ჰამბურგში ATP500 კატეგორიის ტურნირის მეოთხედფინალები გაიმართება. სათამაშო დღეს გახსნის ნიკოლოზ ბასილაშვილი. მსოფლიოს მე-16 ჩოგანი ნახევარფინალში გასასვლელად ფრანგ ჟერემი შარდის შეხვდება, რომელიც მსოფლიო კლასიფიკაციაში 77-ე ადგილზეა.
შარდიმ წინა ორ ეტაპზე თანამემამულეები დაამარცხა – პირველ რაუნდში მეხუთე ნომრად განთესილი ბენუა პერი (6:7, 7:5, 6:3), მეორეში – რიშარ გასკე (7:6, 7:5).
ბასილაშვილმაც მეოთხედფინალამდე ერთი სეტი წააგო. მან ჯერ 6:4, 6:3 მოუგო ბოლივიელ უგო დელიენს, მერვედფინალში კი როლან გაროსზე მარცხისთვის რევანში აუღო არგენტინელ ხუან იგნასიო ლონდეროს – 6:4, 3:6, 6:3. ეს იყო პირველი შემთხვევა ლიონის ტურნირის (19-25 მაისი) შემდეგ, როცა ბასილაშვილმა ძირითად ბადეში ზედიზედ ორი მატჩი მოიგო.
ქართველი ჩოგბურთელი ამ სეზონze მეხუთედ თამაშობს მეოთხედფინალურ ეტაპზე. წინა ოთხი შემთხვევიდან მან ერთი მოიგო (ლიონში ჟო-ვილფრიდ ცონგასთან) და სამჯერ წააგო, თანაც ზედიზედ.
ბასილაშვილი და შარდი ორჯერ შეხვედრიან ერთმანეთს და ორივეჯერ ფრანგმა მოიგო: 2017 წელს, ამერიკულ „ჩელენჯერში“ ჰარდზე – 6:2, 6:1; 2018 წელს, სტამბოლის გრუნტზე – 7:5, 6:3.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ჩოგბურთელი ჰამბურგში შარშან მოპოვებულ ტიტულს იცავს. ამჟამად, ბასილაშვილი ATP-ის ცოცხალ რეიტინგში 23-ე ადგილზეა და მეოთხედფინალში მოგება არ ეყოფა TOP20-ში დასაბრუნებლად.
შარდი მეექვსედ თამაშობს ჰამბურგში და აქამდე მისთვის საუკეთესო შედეგი მეოთხედფინალი იყო – 2012 წელს გააღწია ამ ეტაპზე.
ბუკმეიკერები ამ მატჩში მცირე უპირატესობას ქართველ ჩოგბურთელს ანიჭებენ.
ბასილაშვილისა და შარდის შეხვედრა თბილისის დროით 13 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.