დღეს ბასილაშვილი დოჰას ტურნირს დაიწყებს - მისი მეტოქე ჯონ მილმენია #1TVSPORT
ორშაბათს, ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 2021 წლის სეზონში რიგით მეექვსე ტურნირს დაიწყებს – ის დოჰაში ითამაშებს ATP250 კატეგორიის ტურნირზე.
წილისყრის მიხედვით, პირველ წრეში ბასილაშვილის მეტოქე იქნება ავსტრალიელი ჯონ მილმენი. ამ ჩოგბურთელთა ურთიერთშეხვედრების ისტორია ოთხ მატჩს მოიცავს:
2015 წელს, „ჩელენჯერის“ ტურნირზე ბასილაშვილმა 6:3, 6:1 მოიგო;
2016 წელს, პეკინის ტურნირის ფინალში მილმენმა გაიმარჯვა – 6:7(6), 6:1, 6:4;
2018 წელს, პარიზის “მასტერსის” პირველ წრეში ქართველმა პირველი სეტი 6:4 მოიგო, რის შემდეგაც მილმენმა თამაში არ გააგრძელა;
2020 წელს, აშშ-ის ღიას პირველ რაუნდში ავსტრალიელმა 6:1, 6:4, 6:4 მოიგო.
მილმენის ძლევის შემთხვევაში, ბასილაშვილი მეორე წრეში ხორვატ ბორნა ჩორიჩსა და ტუნისელ მალიკ ჟაზირის შორის მოგებულს შეხვდება.
ამ მომენტისთვის, ბასილაშვილს ხუთმატჩიანი წაგებების სერია აქვს, რომლის დროსაც ერთი სეტიც არ აუღია.
სხვათა შორის, ახალ რეიტინგში, რომელიც ორშაბათს გამოქვეყნდება, ბასილაშვილი ორი საფეხურით დაქვეითდება და 42-ე ნომერი იქნება.
ბასილაშვილისა და მილმენის შეხვედრა თბილისის დროით 15 საათზე და 30 წუთზე დაიწყება.
დოჰას წლევანდელი ტურნირი დიდ ინტერესს იწვევს იმის გამო, რომ იქ კორტზე ბრუნდება შვეიცარიელი როჯერ ფედერერი, რომელსაც 2020 წლის იანვრის შემდეგ არ უთამაშია.