დღეის მონაცემებით, „რთველი 2020“-ის ფარგლებში, 1200 ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
დღეის მონაცემებით, „რთველი 2020“-ის ფარგლებში, 1200 ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

31 აგვისტოს მონაცემებით, „რთველი 2020“-ის ფარგლებში, გადამუშავებულია 1200 ტონამდე, ძირითადად საადრეო, სხვადასხვა ჯიშის ყურძენი.

ამ დროისთვის, რთველის საკოორდინაციო შტაბში უკვე დარეგისტრირდა ღვინის მწარმოებელი 100-ზე მეტი კომპანია, რომელიც მოსავლის დაბინავების პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვება.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გადამუშავებული ყურძენი სპეციალური პროგრამის მეშვეობით აღირიცხება ერთიან ელექტრონულ ბაზაში და განახლებული ინფორმაციის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლება ონლაინ რეჟიმში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე http://www.wine.gov.ge

სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წელს, „კოვიდ-19“პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, „რქაწითელისა“ და „კახური მწვანის“ ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება.

სუბსიდიას მიიღებს ღვინის კომპანია, რომელიც: შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ, არანაკლებ 1000 ტონა „რქაწითელის“ ან „კახური მწვანის“ ჯიშის ყურძენს. ამასთან, შესყიდულ 1 კგ ყურძენში ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის, არანაკლებ 0,80 ლარს. 1 კგ ყურძნის შესყიდვისას, ღვინის კომპანიებზე გაიცემა სუბსიდია: ერთ კგ რქაწითელზე და ერთ კგ კახურ მწვანეზე – 0,30 ლარი.