დღეიდან, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში სტუმრობის მსურველებს სპეციალური სამგზავრო მიკროავტობუსი მოემსახურება
დღეიდან, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში სტუმრობის მსურველებს სპეციალური სამგზავრო მიკროავტობუსი მოემსახურება

თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში სტუმრობის მსურველებს სპეციალური სამგზავრო მიკროავტობუსი მოემსახურება. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

„საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, დღეიდან გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში სტუმრობის მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ მუზეუმის სამგზავრო მიკროავტობუსით, რომელიც კუს ტბის ასასვლელიდან ყოველ 30 წუთში ერთხელ ივლის, ყოველდღე 09:00-დან 20:00 საათამდე. ხსენებული ინიციატივა თბილისელებსა და ქალაქის სტუმრებს ღია ცის ქვეშ მუზეუმში მარტივად და სწრაფად მოხვედრის საშუალებას მისცემს. ეს არის ერთ-ერთი იმ ინიციატივებიდან, რომელთა შესახებაც კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მუზეუმების საერთაშორისო დღეს, 18 მაისს გამართულ ბრიფინგზე აცნობა საზოგადოებას. დღეს ეს ინიციატივა უკვე სისრულეშია მოყვანილი.

ინფორმაციისთვის, დღეისათვის ღია ცის ქვეშ მუზეუმს მუნიციპალური ტრანსპორტი ვერ ემსახურება, რაც მუზეუმში მოხვედრის მსურველებს უქმნის ბარიერს, რათა ისარგებლონ თბილისში არსებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწვანე სივრცით, როგორც მუზეუმის დასათვალიერებლად, ისე სუფთა ჰაერზე სასეირნოდ“, – აცხადებენ კულტურის სამინისტროში.

უწყების ცნობით, მგზავრები მუზეუმის ბილეთების შეძენას ავტობუსშივე შეძლებენ. ამასთან, მიკროავტობუსი მხოლოდ მუზეუმის სტუმრების გადაადგილებას უზრუნველყოფს.