დღეიდან საქართველოს პირველ არხზე სომხური და აზერბაიჯანული სკოლის მოსწავლეებისთვის ონლაინ ოლიმპიადა იწყება
დღეიდან საქართველოს პირველ არხზე სომხური და აზერბაიჯანული სკოლის მოსწავლეებისთვის ონლაინ ოლიმპიადა იწყება

დღეიდან საქართველოს პირველ არხზე სომხური და აზერბაიჯანული სკოლის მოსწავლეებისთვის ონლაინ ოლიმპიადა იწყება. ოლიმპიადაში მონაწილეობა არაქართულენოვანი სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეებს შეეძლებათ. მონაწილეობის სურვილი უკვე გამოთქვა 200-მდე მონაწილემ, საიდანაც რამდენიმე განაცხადი შეირჩა. პროექტის მიზანია ქართული ენის პოპულარიზაცია იმ რეგიონში, სადაც ჩვენი თანამოქალაქე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ცხოვრობენ.

„ჩვენი ქართული ენა“ არის საქართველოს პირველი არხის პროექტი, რომელიც ქართული ენის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში, არაერთი აქტივობა არის დაგეგმილი. პროექტის ერთ-ერთი ნაწილია საქართველოს რეგიონებში არაქართულენოვანი სკოლებისთვის ქართული ენის ონლაინ ოლიმპიადის ჩატარება. წელს პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება. წელს ონლაინ ოლიმპიადაში მონაწილეობა არაქართულენოვანი სკოლების მეშვიდე კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ. პროექტის თითოეულ მონაწილეს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი, ხოლო სამი გამარჯვებული დაჯილდოვდება პრიზებით. ასევე, დაჯილდოვდებიან გამარჯვებული მოსწავლეების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებიც.

პროექტის ფეისბუქ გვერდზე – „ჩვენი ქართული ენა“ პერიოდულად ვიქტორინები გაიმართება. დასმულ კითხვაზე სწორად გაცემული პასუხის შემთხვევაში, არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლეები მოიგებენ წამახალისებელ საჩუქრებს. დაგეგმილია აქტივობა, თავისუფალი თემის დაწერა, სათაურით „ჩვენი ქართული ენა“.

ამასთან, საქართველოს პირველი არხი – განათლების ეთერში, „ტელესკოლაშიაზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი სკოლების მოსწავლეებისთვის ქართული ენის გაკვეთილები უკვე რამდენიმე კვირაა, მიმდინარეობს.