დღეიდან სამშენებლო პროდუქტების ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდა
დღეიდან სამშენებლო პროდუქტების ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდა

სამშენებლო პროდუქციაზე დღეიდან ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდა, რომელიც ევროკავშირის განვითარებული ხარისხის ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკაზეა დაფუძნებული, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, რეგლამენტი  ცემენტს, არმატურას, ელექტროკაბელების, პლასტმასის მილებს და აღნიშნული სახის პროდუქციას შეეხება.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით, საქართველოს მთავრობამ ბაზარზე წარმოდგენილი განსაზღვრული ტიპის სამომხმარებლო და ინდუსტრიულ პროდუქტებზე ზედამხედველობის კანონმდებლობის დაახლოების ვალდებულება აიღო.

რეგლამენტი განსაზღვრავს ეკონომიკური ოპერატორების (მწარმოებელი; მწარმოებლის ავტორიზებული წარმომადგენელი; იმპორტიორი; დისტრიბუტორი) ვალდებულებას, უზრუნველყონ სამშენებლო პროდუქტების შესაბამისობა რეგლამენტის მოთხოვნებთან. რეგლამენტის თანახმად, იმპორტის გზით სამშენებლო პროდუქტის საქართველოს ბაზარზე განთავსებისთვის იმპორტიორი ვალდებულია, შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია ან შესაბამისი დოკუმენტები, სამშენებლო პროდუქტის იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევისა და ამ დოკუმენტის ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის მიწოდების მიზნით. შემოსავლების სამსახური კი ვალდებულია, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას გააჩეროს და არ დაუშვას იმპორტის გზით ისეთი სამშენებლო პროდუქტის ბაზარზე განთავსება, რომელზეც არ იქნა წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტები და აღნიშნულის შესახებ  სააგენტოს აცნობოს.

აღნიშნული პროდუქციის ზედამხედველობა  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ განხორციელდება. უწყება შეუსაბამობების გამოვლენის შემთხვევაში, რეაგირებას მოახდენს – შესაბამის ეკონომიკურ ოპერატორებს დაავალდებულებს ბაზარზე განთავსებული პროდუქტის მიმართ შემზღუდავი  ღონისძიებების გატარებას, მათ შორის პროდუქტის რეალიზაციის შეჩერება, ამოღება, გამოთხოვა და განადგურება.