დღეიდან ოფიციალური გაცვლითი კურსის დადგენის წესში ცვლილება შევიდა
დღეიდან ოფიციალური გაცვლითი კურსის დადგენის წესში ცვლილება შევიდა

მიმდინარე წლის 5 იანვრიდან ოფიციალური გაცვლითი კურსის დადგენის წესში ცვლილება შედის.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აქამდე არსებული წესით, იმ შემთხვევაში, თუ დღის განმავლობაში ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში ბანკთაშორის ბაზარზე ვაჭრობის მოცულობა არ აღემატებოდა 3 მილიონ აშშ დოლარს, ლარის ოფიციალური კურსის გაანგარიშებაში მონაწილეობდა წინა დღის გარიგებებიც.

ამის გამო იყო იშვიათი შემთხვევები, როდესაც ოფიციალური და საბაზრო კურსი ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა, რისი მიზეზიც კონკრეტულ სავაჭრო დღეს ბაზარზე დაბალი აქტივობა იყო.

აღნიშული ცვლილებით ზემოთნახსენები ლიმიტი განახევრდება (1.5 მილიონ აშშ დოლარამდე), რის შედეგადაც ოფიციალური კურსი უფრო მეტად დაუახლოვდება საბაზროს.

შეგახსენებთ, რომ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი ითვლება სამუშაო დღეებში, დღეში ერთხელ და წარმოადგენს წინა სავაჭრო დღეს, სავალუტო ბაზარზე, ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში დადებული გარიგებების საშუალო შეწონილ კურსს, რომელიც ძირითადად გამოიყენება საბუღალტრო აღრიცხვისა და ბიუჯეტთან ანგარიშსწორებისათვის, ასევე სხვადასხვა სახის ხელშეკრულებებში.