დღეიდან მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით შიდა ფრენები განახლდა
დღეიდან მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით შიდა ფრენები განახლდა

ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების გათვალისწინებით, 12 თებერვლიდან ნატახტარიდან მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტების მიმართულებით და პირიქით, შიდა ფრენები განახლდა. რეისები კვირაში ორი სიხშირით შესრულდება, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

„დღეიდან, განვაახლეთ შიდა ფრენები საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში. ნატახტარიდან მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებში თებერვალ-მარტში რეგულარული რეისები მცირე ზომის საჰაერო ხომალდით კვირაში ორი სიხშირით შესრულდება. გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ამ ხმის განმავლობაში ფრენები არ შეჩერებულა თბილისი-ბათუმის მიმართულებით. თებერვალ-მარტში რეისები აჭარის მიმართულებითაც კვირაში ორი სიხშირით შესრულდება. მგზავრებს მოეთხოვებათ როგორც ტერმინალში, ასევე საჰაერო ხომალდზე პირბადის ტარება. ბილეთის ფასი და გაყიდვის წესი, ასევე, საშეღავათო პირობები, რომელიც აქამდე არასრულწლოვნებზე მოქმედებდა კვლავ ძალაში რჩება“, – ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ცნობით, ქვეყნის შიდა აეროპორტებში, საერთაშორისო აეროპორტების მსგავსად, COVID-19-ის პანდემიის პირობებში უსაფრთხოების ყველა ნორმა არის დაცული. ნატახტარის, ამბროლაურისა და მესტიის აეროპორტები აღჭურვილია ყველა იმ მოთხოვნის შესაბამისად, რაც დაწესებულია საავიაციო გაიდლაინების მიხედვით.

ავიაბილეთის ღირებულება მესტიის მიმართულებით ზრდასრულთათვის, ერთი გზა 90 ლარს შეადგენს, ამბროლაურის მიმართულებით – 50 ლარს. სამიდან 12 წლამდე ბავშვებისთვის 30%-იანი ფასდაკლება ვრცელდება. სამ წლამდე ჩვილებისთვის კი მგზავრობა უფასოა. ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე.