დღეიდან გორის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების თავშესაფარი განახლებული ინფრასტრუქტურით იფუნქციონირებს
დღეიდან გორის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების თავშესაფარი განახლებული ინფრასტრუქტურით იფუნქციონირებს

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორი მერი მაღლაფერიძე გორის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებას, თავშესაფარს ესტუმრა, მოინახულა განახლებული ინფრასტრუქტურა და ჩატარებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად, ფონდი Human Doc-მა პროექტის „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, მსხვერპლთა დაცვისა და მოძალადეთა თერაპიის სისტემის მხარდაჭერა საქართველოში“ გორის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების, თავშესაფრის შენობის სარემონტო და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები დაასრულა. ოფიციალურ გახსნას სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, ფონდი Human Doc-ის პროგრამების დირექტორი მეგი ბიბილური დაესწრნენ.

სამუშაოების შედეგად გარემონტდა და მოეწყო თავშესაფრის ეზო, მთლიანი გალავანი, ეზოს შესასვლელი კარი. დაცული და კონფიდენციალურია ბენეფიციარების უსაფრთხოება. სრულად მოეწყო და აღიჭურვა ინვენტარით მისაღები ოთახი, სამზარეულო, ფსიქოლოგის და იურისტის ოთახი. პროექტის შედეგად განხორციელებული სამუშაოების შემდეგ თავშესაფრის თანამშრომლებს შესაძლებლობა აქვთ კომფორტულ გარემოში მუშაობის, ბენეფიციარებისთვის მოწყობილი სივრცე ადაპტირებულია და აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.

პროექტი „ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სისტემის ხელშეწყობა და ძალადობის მსხვერპლთა დაცვა საქართველოში“ მეგობრობის ხიდი „ქართლოსთან“ ერთობლივი თანამშრომლობით განხორციელდა. იგი დაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში.

„სახელმწიფო მუდამ ზრუნავს ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციაზე და მათთვის ოჯახური გარემოს შექმნაზე, სწორედ ფონდი Human Doc-ის მხარდაჭერითა და ხელშეწყობით შესაძლებელი გახდა გორის თავშესაფრის ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის და მათი შვილებისთვის საცხოვრებელი გარემოს განახლება და კეთილმოწყობა, რაც ჩვენი ბენეფიციარებისთვის უსაფრთხო და სასიამოვნო გარემოს შექმნისთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა.

მერი მაღლაფერიძემ სტუმრებს თანადგომისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის იმედი გამოთქვა. ფონდი Human Doc-ის პროგრამების დირექტორის მეგი ბიბილურის თქმით, ფონდი Human Doc საქართველოში უკვე ხუთი წელია მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან და სხვა პარტნიორებთან იმისათვის, რომ საქართველოში მოგვარდეს ოჯახში ძალადობის მიმართულებით მნიშვნელოვანი პრობლემები და დაცული იყოს ბავშვთა და ქალთა უფლებები.

„გორის მერიამ მხარი დაუჭირა ფონდს პროექტის განხორციელებაში, რომელიც მიმართულია საქართველოში ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და მსხვერპლთა დაცვის სისტემის მხარდაჭერისკენ“, – განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

გორის მერმა მადლობა გადაუხადა ფონდს აღნიშნული ინიციატივისა და პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის.

ინფორმაციას სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო ავრცელებს.