დღეიდან აშშ ირანის წინააღმდეგ სანქციებს აამოქმედებს
დღეიდან აშშ ირანის წინააღმდეგ სანქციებს აამოქმედებს

აშშ დღეიდან ირანის წინააღმდეგ სანქციებს აამოქმედებს. პირველ ეტაპზე შეზღუდვები ავტომობილებით, ოქროთი და სხვა ძვირფასი ლითონებით ვაჭრობაზე დაწესდება. ეს ამერიკული სანქციების პირველი ნაწილია, რომელიც თეირანის წინააღმდეგ მას შემდეგ ამოქმედდება, რაც აშშ-მ 2015 წელს გაფორმებულ „ბირთვული შეთანხმება“ დატოვა.

8 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზადაა, თეირანის წინააღმდეგ წარსულში მოქმედი შეზღუდვები აღადგინოს და ახალი სანქციებიც დააწესოს.

ირანის ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ ამერიკული სანქციები ნოემბრიდან უნდა ამოქმედდეს. ეს სანქციები შეეხება, როგორც ირანული ნავთობით ვაჭრობას, ისე ირანის ცენტრალურ ბანკთან ტრანზაქციებსაც.

ამერიკული სანქციების ამოქმედებას ირანში ეროვნული ვალუტის გაუფასურება უძღოდა, რასაც ფასების ზრდა და ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები მოყვა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამერიკულ სანქციები ირანიდან დასავლური კომპანიების წასვლას გამოიწვევს.

ქვეყნის ეკონომიკაში არსებული სიტუაციის შესახებ კითხვებზე საპასუხოდ ირანის პარლამენტში პრეზიდენტი ჰასან რუჰანი დაიბარეს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში მისვლას უკვე დათანხმდა.

ამასთან, რუჰანიმ განაცხადა, რომ ქვეყანა აშშ-ის სანქციებს გაუმკლავდება და ვაშინგტონთან დიალოგი ზეწოლის ფონზე არ შედგება.

ამერიკული სანქციების ძალაში შესვლას ელოდებიან ევროპაშიც. ევროკავშირმა უკვე მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ირანში ევროპული კომპანიების დაცვას მოემსახურება.

აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები პირველად 1979 წელს, ისლამური რევოლუციის შემდეგ დააწესა. 2015 წელს ირანმა, გაერო-ს უშიშროების საბჭოს ხუთმა მუდმივმა წევრმა და გერმანიამ „ბირთვული შეთანხმება“ გააფორმეს. ირანს ბირთვული პროგრამა უნდა შეეკვეცა და სანაცვლოდ, თეირანს საერთაშორისო ეკონომიკურ სანქციებს შეუმსუბუქებდნენ.