დღეიდან​ ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო
დღეიდან​ ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამაზე განაცხადების მიღება დღეიდან დაიწყო. 2019-2020 წლებში აშშ-ის უმაღლეს აკადემიურ სასწავლებლებში განათლების მიღების მსურველებს აპლიკაციის შევსება პირველ აგვისტომდე შეუძლიათ. სასტიპენდიო პროგრამა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის უკვე მეხუთედ ჩაეშვა, ნებისმიერ დისციპლინაში სწავლის სრულ დაფინანსებას გულისხმობს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად პროგრამას საქართველოს მთავრობა და „საქართველოს ბანკიც“ ახორციელებენ, რომელიც ყოველწლიურად ბიზნესის მიმართულებით სწავლების მსურველ ორ სტუდენტს აფინანსებს. წელს პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს სიახლეები ელით.

„ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია განათლებაში ინვესტიცია, აშშ-ს საელჩო მრავალი წელია, საქართველოში გაცვლით პროგრამებს ახორციელებს. შედეგად, დაახლოებით 5 000-მდე ქართველმა სტუდენტმა შეძლო აშშ-ში განათლების მიღება. ფულბრაიტი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულია ამ პროგრამებს შორის. წელს გვაქვს სიახლე – ესეების წერის ონლაინკურსების სახით, რაც ხელს შეუწყობს აპლიკანტებს, უკეთესად მოამზადონ თავიანთი სააპლიკაციო განაცხადები“, – აღნიშნა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა.

პრესტიჟულ პროგრამაში გამარჯვებული სტუდენტები აშშ-ს უმაღლეს უნივერსიტეტების აკადემიურ ხარისხს მოიპოვებენ, რაც მათ კარიერულ წინსვლაში დაეხმარება. ფულბრაიტის კურსდამთავრებულებს შორის არიან ნობელის პრემიის ლაურეატები, სახელმწიფო მოხელეები თუ საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები.

„ეს მართლაც უნიკალური შესაძლებლობაა ჩვენი ახალგაზრდებისთვის, რომ ძალიან მაღალი დონის განათლება მიიღონ აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში, მათ ეყოლებათ წამყვანი პროფესორები და რასაკვირველია, ეს ცოდნა და გამოცდილება უნდა მოახმარონ საქათველოს განვითარებას“, – აღნიშნა განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.

საქართველოდან აშშ-ში​ სასწავლებლად​ ფულბრაიტის პროგრამით ყოველწლიურად 8-10 სტუდენტი მიდის.