დევნილთა სამინისტრომ დევნილი ოჯახებისთვის 547 ბინა შეისყიდა
დევნილთა სამინისტრომ დევნილი ოჯახებისთვის 547 ბინა შეისყიდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, მენაშენეებისგან 500 -ზე მეტი ბინა შეისყიდა. აქედან 509 ბინა თბილისში, ხოლო 38 ბინა კი გორში მდებარეობს.

სამინისტროს ინფორმაციით, ახალაშენებულ და მშენებარე კორპუსებში საცხოვრებელი ფართების შესყიდვა ღიად და გამჭვირვალედ, კონკურსის წესით, მოხდა. კომისიამ კონკურსში მონაწილე მენაშენეებისთვის სპეციალური კრიტერიუმები წინასწარ დაადგინა.

მშენებლობების დასრულების საბოლოო ვადად 2020 წლის 30 ივნისია განსაზღვრული.ამ ეტაპზე, სამინისტრომ თბილისში მხოლოდ ერთოთახიანი და ოროთახიანი საცხოვრებელი ფართები შეიძინა, რადგან სამოთახიანი ბინები გასულ წელს უკვე შეისყიდა.

ბინების შესყიდვის გადაწყვეტილება საცხოვრებელი ფართების შესყიდვის წესის განმახორციელებელმა კომისიამ მიიღო, რომლის მუშაობის პროცესშიც ფინანსთა სამინისტროს, მუნიციპალური განვითარების ფონდის, ბიზნესომბუდსმენის, მენაშენეთა ასოციაციისა და დევნილთა საკითხებზე მომუშავე ოთი არასამთავრობო ორგანიზაციის გაერთიანების – „კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს“ (LAG) წარმომადგენლები არიან ჩართულები.

მენაშენეების პროგრამის ფარგლებში, სამინისტროს უკვე შეძენილი აქვს 800 ბინა თბილისში, 25 ხაშურში და 20 მარნეულში, რომლებიც დევნილ ოჯახებს ეტაპობრივად გადაეცემათ.