დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია ზუგდიდში 240 დევნილი ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხს განიხილავს
დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია ზუგდიდში 240 დევნილი ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხს განიხილავს

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში, 240 დევნილი ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხს განიხილავს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ავრცელებს.

გაფართოებული კომისიის შემადგენლობაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილეებსა და სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად შედიან სახალხო დამცველის აპარატის, აფხაზეთის მთავრობისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებიც.

სამინისტროს ინფორმაციით, კომისიის მუშაობის პროცესი გამჭვირვალე და ღიაა ნებისმიერი მედია საშუალებისათვის.

ზუგდიდში ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადი სულ 5 361-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო. აღნიშნული ოჯახები მონიტორინგის ჯგუფებმა ადგილზე შეისწავლეს, რის შემდეგაც მოკვლეული მასალა განსახილველად დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას გადაეცა.

როგორც სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, კომისიის მუშაობის შედეგად, გამოვლინდება ის 240 დევნილი ოჯახი, რომლებსაც ზუგდიდში ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემათ.

დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროცესი სამი მიმართულებით მიმდინარეობს:
1. ნგრევად და სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტებიდან დევნილი ოჯახების გაყვანა;
2. სასამართლოს ან ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებისა და სამინისტროს მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების საფუძველზე დევნილი ოჯახების უზრუნველყოფა საცხოვრებელი ფართით;
3. კრიტერიუმების შესაბამისად, დევნილთა გრძელვადიანი განსახლება.

ამასთან, კომისიის მუშაობის დასრულებისა და სიის გამოქვეყნების შემდეგ, მინისტრის მოადგილეები და კომისიის წევრები ზუგდიდში ყველა იმ დევნილს შეხვდებიან, რომლებსაც ბინების განაწილების პროცესის შესახებ გარკვეული შეკითხვები ექნებათ. დევნილების მიღება იმ დრომდე არ დასრულდება, ვიდრე თითოეული მათგანის შეკითხვას ამომწურავი პასუხი არ გაეცემა. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვინც გამოქვეყნებულ სიაში აღმოაჩენს რაიმე სახის უზუსტობას, შეუძლია აღნიშნულის თაობაზე მიმართოს სამინისტროს, რომელიც თავს მხრივ მზადყოფნას გამოთქვამს, კონფიდენციალურობის სრული დაცვით გადაამოწმოს მოწოდებული ინფორმაცია.

დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ უკვე დაასრულა სამეგრელოს რეგიონში „სოფლად სახლის“ შესყიდვის მოთხოვნით შემოსული განაცხადების განხილვა და 350-მდე დევნილი ოჯახისთვის სახლის შესყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.