დევნილთა სააგენტოს დირექტორმა იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის სოფლად შესყიდული სახლი მოინახულა
დევნილთა სააგენტოს დირექტორმა იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის სოფლად შესყიდული სახლი მოინახულა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხომულში დევნილი ოჯახისთვის გადაცემული სახლი მოინახულეს.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ალექსანდრე ვეკუას ექვს-სულიან ოჯახს სააგენტომ „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, ორსართულიანი სახლი და საკარმიდამო მიწის ნაკვეთი შეუსყიდა.

როგორც ალექსანდრე ვეკუა ამბობს, ბინას სოფლად ცხოვრება ამჯობინეს, რადგან სახლს მიწის ნაკვეთიც აქვს, რაც მათ საოჯახო მეურნეობის განვითარებისა და დამატებითი შემოსავლის წყაროს გაჩენის შესაძლებლობას მისცემს.

„სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახი თავად არჩევს სახლს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კი, სააგენტო აღნიშნულ სახლს შეისყიდის. თანხის რაოდენობა ოჯახის სულადობიდან გამომდინარე განისაზღვრება.

2019 წელს, სააგენტომ სოფლად სახლი 1 050 დევნილი ოჯახისთვის შეისყიდა. სამინისტროს ცნობით, პროექტი წარმატებულად მუშაობს და 2020 წელს, კიდევ 1 000-ზე მეტი სახლის შესყიდვა იგეგმება.

დატოვე კომენტარი