დევნილთა სააგენტო ქუთაისში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღებას აგრძელებს
დევნილთა სააგენტო ქუთაისში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღებას აგრძელებს

ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში განსახლების მსურველი იძულებით გადაადგილებული ოჯახების განაცხადების მიღება 22 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. ინფორმაციას დევნილთა სააგენტო ავრცელებს.

„დევნილ ოჯახებს განაცხადის შევსება ქვეყნის მასშტაბით არსებულ ნებისმიერ იუსტიციის სახლში შეუძლიათ. განაცხადები ასევე მიიღება დევნილთა სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, შემდეგ მისამართებზე: ქუთაისი, ი. აბაშიძის გამზ. N27; ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ. N106; გორი, სამების ქუჩა N1; რუსთავი, კოსტავას ქ.N20.

ქუთაისში ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება, მთელი საქართველოს მასშტაბით, რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ.

ახალი განაცხადი უნდა გააკეთონ იმ დევნილმა ოჯახებმაც, რომლებსაც ქუთაისში ბინის მიღების მოთხოვნით აპლიკაცია წინა წლებში აქვთ შევსებული“, – აცხადებენ სააგენტოში.

დევნილთა სააგენტოს ცნობით, ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე 800 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, ხუთი კორპუსი შენდება.