დევნილთა ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით საგრანტო პროგრამა დაიწყო

12:12, 06.07.2020

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ „დევნილთა ინიციატივების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში, განაცხადების მიღება დაიწყო.

სააგენტოს ცნობით, პროგრამის მიზანს იძულებით გადაადგილებული პირების სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება წარმოადგენს. დევნილები სასოფლო-სამეურნეო და თვითდასაქმებაზე ორიენტირებული ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით გრანტებს მიიღებენ.

საგრანტო პროგრამაში მონაწილეობა 65 001-დან 100 001-მდე სოციალური ქულის მქონე დევნილებს შეუძლიათ. სააგენტო შესაბამის ტექნიკას, დანადგარებსა და ხელსაწყოებს, ჯამში, 200 იძულებით გადაადგილებულ პირს შეუსყიდის.

დევნილთა ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა საგრანტო განაცხადების მიღება 6 ივლისიდან დაიწყო და 27 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

„საგრანტო განაცხადები, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში მიიღება: თბილისი, თამარაშვილის ქ.N15ა; გორი, სამების ქუჩა N1; რუსთავი, ცურტაველის ქ. N5ა; ქუთაისი, აბაშიძის გამზ. N27; ზუგდიდი, აღმაშენებლის ქ. N106.

განაცხადის გაგზავნა ასევე შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე – [email protected] . პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე“, – აღნიშნულია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციაში.

მსგავსი