დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ მუშაობის ერთთვიანი ანგარიში წარადგინა
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ მუშაობის ერთთვიანი ანგარიში წარადგინა და 2020 წლის გეგმებზე ისაუბრა.
სააგენტოს ხელმძღვანელის, ბესარიონ სიმონიშვილი განცხადებით, მიმდინარე წელს ბიუჯეტი 70 მილიონ ლარზე მეტი იქნება, რომლის საშუალებითაც 2500-ზე მეტი დევნილი ახალაშენებულ ბინებს მიიღებს.
ამასთან, სააგენტო 2020 წელს 150-ზე მეტ იძულებით გადაადგილებულ პირს საცხოვრებელ სახლს დაუკანონებს. სიმონიშვილის თქმით, მიმდინარე წლის ერთ-ერთი პრიორიტეტი ასევე ეკომიგრანტთა ოჯახების უსაფრთხო გარემოში განსახლება იქნება.
„2020 წელს 2500-ზე მეტი ახალაშენებული ბინა გადაეცემათ დევნილებს. ვაპირებთ 1500-ზე მეტს დევნილს დავუკანონოთ სახლები. ასევე, 2020 წელს 250 ეკომიგრანტთა ოჯახის უსაფრთხო გარემოში განსახლება მოხდება. 2020 წელს ბიუჯეტი არის 70 მილიონ 170 ათასი ლარი. ცალკე კომპონენტია ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოყოფილი თანხები, რომლითაც ხდება რეგიონებში მშენებლობები“, – განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო 2019 წლის პირველ დეკემბერს შეიქმნა. სააგენტოს ინფორმაციით, 2013 წლიდან დღემდე სხვადასხვა პროგრამებით ჯამში საცხოვრებელი ფართით 21 000-ზე მეტი დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა.