დევნილებმა, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ, უწყების შენობაში შეღწევა სცადეს
დევნილებმა, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ, უწყების შენობაში შეღწევა სცადეს

დევნილებმა, რომლებიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ, უწყების შენობაში შეღწევა სცადეს.

აქციის მონაწილეებმა დაახლოებით ერთი საათის წინ მინისტრთან, ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრა მოითხოვეს და ამისთვის ერთსაათიანი ვადა მისცეს. ვადის ამოწურვის შემდეგ, მათ მინისტრის კაბინეტთან მისვლა სცადეს. მათ ამის საშუალება პოლიციის კორდონმა არ მისცა. დევნილებსა და სამართალდამცველებს შორის შელაპარაკება მოხდა.

როგორც სამინისტროს პრესსამსახური აცხადებენ, ეკატერინე ტიკარაძე შეხვედრაზეა და შენობაში არ იმყოფება.

უცნობია, აპირებს თუ არა ეკატერინე ტიკარაძე დევნილებთან შეხვედრას. აქციის მონაწილეთა მოთხოვნა უცვლელია. ისინი კომისიის გაუქმებას და მინისტრის გადადგომას მოითხოვენ. დევნილები სამინისტროს საშვთა ბიუროსთან რჩებიან.

აქციის მონაწილეები სამინისტროს კორუფციაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ქულების მინიჭება აპლიკანტებისთვის თანხის სანაცვლოდ ხდება. შეკრებილთა მოთხოვნებს შორის არის ახალი კომისიის დაკომპლექტებაც. მათი განცხადებით, ისინი არსებულ შემადგენლობას არ ენდობიან და უნდათ, კომისიის მუშაობაში თავადაც ჩაერთონ.