დევნილების ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას აგრძელებს
დევნილების ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას აგრძელებს

დევნილების ნაწილი საცხოვრებელი სახლებით დაკმაყოფილების მოთხოვნით ჯანდაცვის სამინისტროსთან ამ დრომდე აგრძელებს საპროტესტო აქციას.

მათი ნაწილი სამინისტროს ფოიეში იმყოფება, ნაწილს კი გარეთ აქვს კარვები გაშლილი. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათგან მხოლოდ ორმა პირმა შეძლო კომისიის მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების დაკმაყოფილება, რომლებსაც სამოთახიანი ბინები გადაეცემათ.

მათი თქმით, სოციალური მომსახურების სააგენტოს მათთვის დაწესებული აქვს ისეთი კრიტერიუმები, რისი დაკმაყოფილებაც მათთვის რთულია.

„თავიდანვე ვიცოდით, რომ აქ ვერაფერს მივიღებდით, მაგრამ მაინც იმედი გვქონდა. მე 4.5 ქულა მაქვს და არ ვაკმაყოფილებ ამ ეტაპზე კრიტერიუმს, მაგრამ ჩვენ ისეთი კრიტერიუმები დაგვიწესეს, რომ ფიზიკურად ვერ ვაგროვებთ ამ ქულებს. სოციალურ სააგენტოს აქვს რაღაც გაურკვეველი მოთხოვნები. როგორ შეიძლება, რომ გზავნილიდან გამომდინარე იყოს ჩვენთვის ქულების დაწესება,”- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, აქციის მონაწილე დევნილთა უმრავლესობას ბინის მისაღებად საკმარისი ქულა არ აღმოაჩნდა, ნაწილი რეგიონშია დარეგისტრირებული, რამდენიმე ოჯახს კი აპლიკაცია საერთოდ არ ჰქონდა შევსებული.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის, გიორგი წოწკოლაურის განმარტებით, დარჩენილია 273 ბინა, რომელთა მიღებაზე განაცხადების მიღება 15 ოქტომბრიდნა დაიწყება.

„686-მა დევნილმა მიიღო თბილისში საცხოვრებელი ფართი. დარჩენილ 273 ბინაზე განაცხადების მიღება ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება. შესაბამისად, წლის ბოლოსთვის კომისია მოახერხებს ბინების განაწილებას. რაც შეეხება მიზეზს, რატომ ვერ განაწილდა ეს საცხოვრებელი ფართები, სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფებმა ვერ დაადგინეს ის ინფორმაცია, რაც აპლიკაციაში ჰქონდა აპლიკანტს მითითებული. იყო ისეთი მომენტები, როდესაც საეჭვო გახდა ხელოვნურად ოჯახების გაერთიანება ან გაყოფა, აქედან გამომდინარე, დაინიშნა დამატებითი მოკვლევები, რომელიც დაიწყება ოქტომბრის ბოლოდან და მეორე ფაზაში კომისია აღნიშნული ბინების გადანაწილების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს,”- განაცხადა წოწკოლაურმა.