დევნილების ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებას მიაღწიეს და სახელმწიფოსგან დროებით თავშესაფარს მიიღებენ
40-მდე დევნილი ოჯახი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავდა, სახელმწიფოსგან დროებით თავშესაფარს მიიღებს.
როგორც დევნილები ამბობენ, შესაბამისი შეთანხმება უკვე მიღწეულია. სურვილის შემთხვევაში, მათ დროებითი საცხოვრებლის დაკანონება შეეძლებათ. სხვები კი, ახალ ბინებს დაელოდებიან.
აქციის მონაწილეები ჯანდაცვის სამინისტროსთან გაშლილი კარვის აღებას გეგმავენ.
„ეს დიდი გამარჯვებაა. სამინისტრო მზადაა, მისცეს მათ თავშესაფარი, ვიდრე ეს ადამიანები მიიღებენ უკვე თავიანთ კუთვნილ საცხოვრებელ ფართებს“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ აფხაზეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ბესო შენგელიამ. მისივე განმარტებით, საუბარია ფართებზე, სადაც ის დევნილები ცხოვრობდნენ, რომლებსაც დღეს ახალი ბინები გადაეცა.
ჯანდაცვის სამინისტროსთან 40-მდე დევნილი ოჯახი რამდენიმე კვირაა საპროტესტო აქციას მართავდა. მათი მოთხოვნა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა იყო.