დევნილ ვეტერანთა 60 ოჯახს ბინები გადაეცა
დევნილ ვეტერანთა 60 ოჯახს ბინები გადაეცა

დევნილ ვეტერანთა 60 ოჯახს ქუთაისსა და ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართები გადაეცა.

იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ახალი ბინების გასაღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ და დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა გადასცეს.

დამატებით, დევნილ ვეტერანთა 100-მდე ოჯახმა მიიღო დაპირება, რომ საცხოვრებელ ფართებს ქუთაისსა და ზუგდიდში, უახლოეს მომავალში, უპირობოდ მიიღებენ.

„დღეს ნამდვილად განსაკუთრებული დღეა, რადგან წელს დევნილთა სააგენტოს მხრიდან დანერგილი იქნა ახალი ინიციატივა , რომლის ფარგლებში ჩვენ საშუალება გვეძლევა, ვეტერან დევნილ მოქალაქეებს შევუმსუბუქოთ და გავუუმჯობესოთ საცხოვრებელი პირობები, მეტი ხელმისაწვდომობის საშუალებით მათ გადავცეთ საცხოვრებელი ბინები. მინდა, მადლობა გადავუხადო დევნილთა სააგენტოს ამ ინიციატივისთვის. 60 დევნილი ვეტერანი ოჯახისთვის ხელმისაწვდომი ხდება ქუთაისში ახალი საცხოვრებელი სახლი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისნისტრის განმარტებით, პროექტი სამომავლოდ აუცილებლად გაგრძელდება.

„წლის ბოლომდე სააგენტოს გეგმაში აქვს, დამატებით 100 ოჯახს, ვეტერანებს საქართველოს მასშტაბით გადასცეს ბინები. ჩვენთვის, ყველასთვის მნიშვნელოვანია, სახელმწიფო შესაბამისად დაუდგეს მხარში მათ, ვისაც აქვთ ნამდვილად დიდი ამაგი საზოგადოებაში და ქვეყნისთვის, რომლებმაც იბრძოლეს საქარათველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის, ძალიან ბევრს საკმაოდ დიდი დანაკლისი აქვთ ოჯახის წევრების სახითაც. მინდა, მადლობა გადავუხადო მათ ღვაწლისთვის“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ამასთან, დევნილთა სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, ვეტერან დევნილებსა და მათ ოჯახებს ახალ ბინებში ღირსეული საცხოვრებელი პირობები ექნებათ.

„ჩვენი მიზანია, რომ დევნილ ვეტერანებსა და მათ ოჯახებს ისეთივე ღირსეული საცხოვრებელი პირობები შევუქმნათ, როგორ ღირსეულადაც ემსახურნენ ჩვენს სამშობლოს. დღეს, ახალი საცხოვრებელი დევნილ ვეტერანთა 60 ოჯახს გადავეცით. დამატებით, 100-მდე ოჯახმა ადმინისტრაციული დაპირება მიიღო, რომლის თანახმადაც საცხოვრებელ ფართებს მიმდინარე წელს მიიღებენ“, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

ვეტერანი დევნილების განსახლების სპეციალური პროექტი წელს პირველად განხორციელდა.