კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქის კორტებზე მიმდინარე დევისის თასზე, მსოფლიო ჯგუფი ორში საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები ტუნისის გუნდს 3:1 ამარცხებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენმა გუნდმა 2024 წლისთვის მსოფლიო ჯგუფი I-ის პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა.
ტურნირზე პირველ სათამაშო დღეს ერთეულთა თანრიგში გამარჯვებები მოიპოვეს საბა ფურცელაძემ და ზურა ტყემალაძემ. დღეს დევისის თასზე, საქართველოსა და ტუნისის ნაკრებებს შორის ჯერ წყვილთა შორის მატჩი გაიმართა, რომელშიც ორი ალექსანდრე – ბაკში და მეტრეველი ტუნისელ წყვილთან დამარცხნენ და ანგარიში 2:1 გახდა.
მეოთხე შეხვედრაში ერთეულთა თანრიგში კვლავ ბრწყინვალედ ითამაშა საბა ფურცელაძემ, რომელმაც ორ სეტში დუგაზის სძლია და საქართველოს ნაკრებს გამარჯვება მოუტანა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა – საბა ფურცელაძე (რეიტინგში 450), ზურა ტყემალაძე (698), ალექსანდრე მეტრეველი (826) და ალექსანდრე ბაკში (841).