დევიდ მაკალისტერი - უნდა გვქონდეს მკაფიო სტრატეგია, როგორ დავუჭიროთ მხარი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს, ამავე დროს, პარტნიორებმაც სერიოზულ ძალისხმევას უნდა მიმართონ
დევიდ მაკალისტერი - უნდა გვქონდეს მკაფიო სტრატეგია, როგორ დავუჭიროთ მხარი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს, ამავე დროს, პარტნიორებმაც სერიოზულ ძალისხმევას უნდა მიმართონ

უნდა გვქონდეს მკაფიო სტრატეგია, როგორ დავუჭიროთ მხარი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს, ამავე დროს, პარტნიორებმაც სერიოზულ ძალისხმევას უნდა მიმართონ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, დევიდ მაკალისტერმა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა.

„აღმოსავლეთ პარტნიორობა“ არის ჩვენი სამეზობლოს სოციალურ დემოკრატიებად გარდაქმნის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. ვფიქრობ, არის სამი ძირითადი მიზანი, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ განვითარებისთვის უნდა დავისახოთ. ევროკავშირმა უნდა დაუჭიროს მხარი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების ეკონომიკურ ინტეგრაციას. მეორე – ინტეგრაციის პროცესი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ, ევროკავშირს, უნდა გვქონდეს მკაფიო სტრატეგია, თუ როგორ დავუჭიროთ ამ ქვეყნებს აქტიურად მხარი. ამავე დროს პარტნიორებმაც სერიოზულ ძალისხმევას უნდა მიმართონ. ეს არის პრინციპი, რომელზეც ევროპარლამენტში ხშირად ვსაუბრობთ, პრინციპი – „მეტი მეტისთვის“. თუმცა, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ამავე დროს არსებობს პრინციპი – „ნაკლები ნაკლებისთვის“. როგორც უმაღლესმა წარმომადგენელმა თქვა, ჩვენ კონცენტრირება უნდა მოვახდინოთ ამ ქვეყნებში დემოკრატიის გაძლიერებასა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე“, – განაცხადა დევიდ მაკალისტერმა.

ევროდეპუტატმა ასევე მხარდაჭერა გამოუცხადა „ტრიოს სტრატეგია 2030-ს“, რომელიც მიმდინარე თვეში ლიეტუველმა დელეგაციამ წარადგინა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მხარდაჭერის გაძლიერებას ითვალისწინებს.

„აღმოსავლეთ პარტნიორობით“ ჩვენ შეგვიძლია, ვაჩვენოთ, რომ პოზიტიური ცვლილებები შესაძლებელია. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ახალ ევროკომისიასთან ამ მიზნების მისაღწევად“, – განაცხადა დევიდ მაკალისტერმა.