დევიდ მაკალისტერი – განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საქართველოს მოსახლეობის გვერდით ვიდგეთ, იმ ხალხის გვერდით, რომელიც აბსოლუტური უმრავლესობით მხარს უჭერს ევროპული ინტეგრაციის მიზანს

22:18, 07.10.2026

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოსახლეობის გვერდით ვიდგეთ, იმ ხალხის გვერდით, რომელიც აბსოლუტური უმრავლესობით მხარს უჭერს ევროპული ინტეგრაციის მიზანს, – ამის შესახებ ევროპარლამენტში გამოსვლისას ევროპარლამენტარმა, დევიდ მაკალისტერმა განაცხადა.

მაკალისტერის თქმით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის ინიციატივა ავტორიტარული მმართველობისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

„ქვეყანა, რომელიც მხოლოდ სახელით არის კანდიდატი – სწორედ ასე წარადგინა ევროკომისიამ საქართველო 2025 წლის გაფართოების შესახებ ანგარიშის წარდგენისას. სამწუხაროდ, თითქმის ერთი წლის შემდეგ, თბილისში მოქმედი რეჟიმი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ეს შეფასება სწორი იყო. ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისკენ სწრაფვით, რეჟიმმა ავტორიტარული მმართველობისკენ კიდევ ერთი გულგრილი ნაბიჯი გადადგა. 13 სექტემბერს კონრად ადენაუერის ფონდი და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი უცხოური გრანტების შესახებ ახალი რეგულაციის გამო იძულებული გახდნენ, საქართველოში თავიანთი ოფისები დაეხურათ. ეს რეგულაცია საერთაშორისო დაფინანსებაზე სახელმწიფოს მხრიდან ფართომასშტაბიან კონტროლს აწესებს და ზოგიერთ შემთხვევაში სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასაც ითვალისწინებს. ორივე ფონდი ათწლეულების განმავლობაში გამოირჩეოდა პოლიტიკური განათლების, დემოკრატიული პლურალიზმისა და ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით შეტანილი წვლილით.

ამიტომ ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოსახლეობის გვერდით ვიდგეთ – იმ ხალხის გვერდით, რომელიც აბსოლუტური უმრავლესობით მხარს უჭერს ევროპული ინტეგრაციის მიზანს“, – განაცხადა მაკალისტერმა.

70-მდე ევროპარლამენტარმა ექვსი სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფიდან, საქართველოსთან დაკავშირებით მოამზადა რეზოლუციის პროექტი სახელწოდებით „საქართველოში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობები“.

რეზოლუციის პროექტის ავტორებს შორის არიან რასა იუკნევიჩიენე, დევიდ მაკალისტერი, ტობიას კრამერი და მალგოჟატა გოშევსკა. პროექტის კენჭისყრა ხვალ, 8 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

მსგავსი