დევიდ მაკალისტერი - ევროპარლამენტმა ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდასაჭერად
დევიდ მაკალისტერი - ევროპარლამენტმა ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდასაჭერად

ევროპარლამენტმა ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდასაჭერად, – ამის შესახებ პირველ არხს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკალისტერმა განუცხადა.

„2008 წლის ომის შემდეგ, რუსეთმა შემაშფოთებელი ნაბიჯები გადადგა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ანექსიისკენ. ეს ეწინააღმდეგება ევროკავშირის შუამავლობით 2008 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებას და საერთაშორისო კანონმდებლობას. მე, როგორც რეზოლუციის ერთ-ერთი ინიციატორი, ვფიქრობ, რომ ევროპარლამენტმა უნდა გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდასაჭერად. რუსეთმა უპირობოდ უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება, რაც პირველ რიგში გულისხმობს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ საქართველოს ტერიტორიის დატოვებას და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის დაშვებას სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში“, – აღნიშნავს მაკალისტერმა.

ევროპარლამენტის წევრმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ე.წ. ბორდერიზაცია.

„უნდა შეწყდეს ეთნიკური ნიშნით ადამიანთა შევიწროება, საქართველოს მოქალაქეთა გატაცება და ადამიანთა ფუნდამენტური უფლებების დარღვევა. ეს არის გაყინული კონფლიქტი, მაგრამ არ უნდა იყოს მივიწყებული კონფლიქტი“, – განაცხადა დევიდ მაკალისტერმა.

ევროპარლამენტში გუშინ საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა, რომელზეც სიტყვით გამოვიდა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი თემაზე – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის შეჭრიდან 10 წლის შემდეგ. ევროპარლამენტის პირველ რეზოლუციას, რომელშიც არჩილ ტატუნაშვილზე იქნება საუბარი, 14 ივნისს უყრიან კენჭს.