დევიდ ლინჩი საქართველოშია - გავიცნობ თქვენს ქვეყანას, გაიმართება შეხვედრები და საჯარო ლექცია
დევიდ ლინჩი საქართველოშია - გავიცნობ თქვენს ქვეყანას, გაიმართება შეხვედრები და საჯარო ლექცია

მსოფლიო კინოს ლეგენდა დევიდ ლინჩი უკვე საქართველოშია. ამერიკელი რეჟისორი, სცენარისტი, მუსიკოსი და პროდიუსერი თბილისში პირადი თვითმფრინავით ჩამოფრინდა. ვიზიტი დაკავშირებულია დევიდ ლინჩის ფონდის კავკასიის განყოფილების საქმიანობასთან, რომელიც 2017 წლის 25 ივლისს თბილისში ჩამოყალიბდა და საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს აერთიანებს.

„გავიცნობ თქვენს ქვეყანას – პირველად ვიმყოფები საქართველოში, გაიმართება შეხვედრები და საჯარო ლექცია. აქ იმისთვის ვარ, რომ ჩვენი ფონდის სამომავლო მიზნებზე ვისაუბროთ კავკასიის რეგიონში. ეს არის ტრანსცენდენტული მედიტაციის გზით ადამიანებისათვის დახმარების აღმოჩენა, რათა მათი ტანჯვა დასრულდეს და თავი ბედნიერად იგრძნონ. სწორედ ეს არის ჩვენი ფონდის მთავარი მიზანი“, – განუცხადა ჟურნალისტებს დევიდ ლინჩმა.

პრესკონფერენციები, შეხვედრები, საჯარო ლექცია ტრანსცედენტული მედიტაციისა და საზოგადოებისთვის მისი სოციალური როლის შესხებ – დევიდ ლინჩის პირველი ვიზიტი საქართველოში დატვირთულია, პროგრამის ყოველი საათი ზუსტად გაწერილია. დაგეგმილია ლეგენდარული რეჟისორის საკულტო ფილმის „მალჰოლანდდრაივის“ ჩვენება და მაყურებელთან შეხვედრაც.

ავტორი: თათია ბუხრაშვილი