მსოფლიო კინოს ლეგენდა დევიდ ლინჩი საქართველოს დღეს ეწვევა. ამერიკელი რეჟისორი, სცენარისტი, მუსიკოსი და პროდიუსერი თბილისში 20:00 საათზე პირადი თვითმფრინავით ჩამოფრინდება.
ვიზიტი დაკავშირებულია დევიდ ლინჩის ფონდის კავკასიის განყოფილების საქმიანობასთან, რომელიც 2017 წლის 25 ივლისს თბილისში ჩამოყალიბდა და საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს აერთიანებს.
ვიზიტის დროს გაიმართება პრესკონფერენციები, შეხვედრები, საჯარო ლექცია ტრანსცედენტული მედიტაციისა და საზოგადოებისთვის მისი სოციალური როლის შესხებ.
დევიდ ლინჩის პირველი ვიზიტი საქართველოში დატვირთულია, პროგრამის ყოველი საათი ზუსტად არის გაწერილი.
დაგეგმილია ლეგენდარული რეჟისორის საკულტო ფილმის „მალჰოლანდ დრაივის“ ჩვენება და მაყურებელთან შეხვედრაც.
დევიდ ლინჩის ფონდი ამერიკის შეერთებულ შტატებში 2005 წელს დაარსდა. ფონდი, მსოფლიოს მასშტაბით, 600 000-ზე მეტ ბავშვსა თუ მოზარდს დაეხმარა ტრანსცედენტული მედიტაციის მეშვეობით სტრესის დაძლევაში.
ფონდის პოსტტრავმული სტრესის მქონე ვეტერანებს, მათ ოჯახებს, ძალადობის მსხვერპლ ქალებსა და ბავშვებს ეხმარება.
დევიდ ლინჩის ფონდი – კავკასიის მთავარი მიზანია, დაეხმაროს საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის მაცხოვრებლებს გათავისუფლდნენ სტრესისგან.
ავტორი: თათია ბუხრაშვილი