დევიდ ლამი აცხადებს, რომ საქართველოსა და იქ არსებულ კორუფციულ ქმედებებთან დაკავშირებით არ ფლობს სრულ ინფორმაციას, მაგრამ ყურადღებით გაეცნობა
საქართველოსა და იქ არსებულ კორუფციულ ქმედებებთან დაკავშირებით ჯერ არ ვფლობ სრულ ინფორმაციას, მაგრამ ყურადღებით გავეცნობი, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლამიმ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
კერძოდ, ბრიტანელმა პარლამენტარმა, ფილ ბრიკელმა დევიდ ლამის ჰკითხა: „დიდი ხანია, გამოდიხართ იმის მხარდამჭერად, რომ ლონდონი მსოფლიოს ანტიკორუფციული დედაქალაქი გახდეს, რისთვისაც გაქებთ. ამ კონტექსტში, მინდა, მოკლედ მოვყვე ზღვისიქითა ტერიტორიებზე. საქართველოში „ქართული ოცნების“ პარტიის წამყვანი წევრები, პრორუსული „ქართული ოცნების“ პარტია, რომელიც ახშობს სამოქალაქო საზოგადოებას და ქართველი ხალხის სამოქალაქო თავისუფლებას, სავარაუდოდ, იყენებს ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზე რეგისტრირებულ კომპანიებს თავიანთი სიმდიდრის გადასამალად. ამავდროულად, ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებმა კვლავ ვერ შეასრულა ვალდებულება, შექმნას ბენეფიციარი მფლობელობის შესახებ საჯაროდ ხელმისაწვდომი რეესტრები. 2018 წლის სანქციებისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის კანონის მიღების შემდეგ, მათ ამის ვადა როგორც 2020, ისე 2023 წლებში დაარღვიეს. როგორ ფიქრობთ, ეს მსოფლიოში როგორ სიგნალს აგზავნის?“
საპასუხოდ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა:
„ეს საშინელ სიგნალს გზავნის. ეს საკითხი ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებთან კვლავაც განხილვის საგანია და ჩვენ ამას სერიოზულად ვუდგებით. სწორედ ამიტომ, მომავალ წელს არალეგალურ ფინანსებთან დაკავშირებით კონფერენციის გამართვას ვგეგმავ და ვთხოვ მარგარეტ ჰოჯს, დაგვეხმაროს ამ პრობლემის მოგვარებასა და საერთაშორისო საზოგადოების გაერთიანებაში. დეპარტამენტის მხრიდან კიდევ ბევრი რამ არის მოსალოდნელი. კონკრეტულად იმ საკითხის დეტალებზე, რომელზეც ყურადღება გაამახვილეთ, საქართველოსა და იქ არსებულ კორუფციულ ქმედებებთან დაკავშირებით, ჯერ არ ვფლობ სრულ ინფორმაციას, მაგრამ ყურადღებით გავეცნობი და აუცილებლად გადავცემთ ჩვენს პოზიციას ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებს“.