დევიდ კრამერი - საქართველომ უნდა აჩვენოს, რომ სწორ გზაზე დგას, დემოკრატიული მიმართულებით მოძრაობს და განაგრძოს პროგრესი
დევიდ კრამერი - საქართველომ უნდა აჩვენოს, რომ სწორ გზაზე დგას, დემოკრატიული მიმართულებით მოძრაობს და განაგრძოს პროგრესი

მეშინია, საქართველოს არ გაუქრეს იმედი იმისა, რომ გახდება დასავლური სტრუქტურების წევრი და არ აღმოჩნდეს ნაცრისფერ ზონაში, – ამის შესახებ ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და მაკკეინის უნივერსიტეტის პროფესორმა, ანალიტიკოსმა დევიდ კრამერმა საქართველოს პირველ არხთან ინტევიუში განაცხადა.

საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე საუბრისას ანალიტიკოსმა აღნიშნა, რომ ნატო საქართველოს მკაფიო სიგნალებს არ უგზავნის.

„დაახლოებით 11 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ბუქარესტში ითქვა, რომ საქართველო და უკრაინა ნატო-ს წევრები გახდებოდნენ, ამ მიმართულებით კი, ქართველები პროგრესს ვერ ხედავენ. საქართველოს მთავრობამ და ნატო-მ უფრო უფრო მკაფიო ნიშნები უნდა გვაჩვენონ ამ მიმართულებით. მაგალითად, ევროკავშირმა ამ მხრივ უფრო მეტი გააკეთა – ასოცირების ხელშეკრულებით, ვიზალიბერალიზაციითა თუ ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულებით. მეშინია, საქართველოს არ გაუქრეს იმედი იმისა, რომ გახდება დასავლური სტრუქტურების წევრი და არ აღმოჩნდეს ნაცრისფერ ზონაში. ეს კი დიდი სირცხვილი იქნება ყველასთვის”, – აღნიშნავს ექსპერტი.

მისივე თქმით, საქართველომ თავისი განვითარებითა და რეფორმებით უნდა აჩვენოს ევროპელ ლიდერებს, რომ წარმატებული სახელმწიფოა.

„სამწუხარო რეალობა ისაა, რომ ევროპელი ლიდერები საქართველოზე ბევრს არ ფიქრობენ, საქართველომ ეს რომ შეცვალოს საჭიროა, იმდენად წარმატებული გახდეს, რის იგნორირებასაც ვერავინ შეძლებს. უნდა აჩვენოთ, რომ ნამდვილად სწორ გზაზე ხართ, დემოკრატიული მიმართულებით მოძრაობთ, გაქვთ პროგრესი, პატივს სცემთ კანონის უზენაესობას, მედიის თავისუფლებასა და სხვა დემოკრატიულ ინსტიტუციებს. უნდა გააგრძელოთ ეკონომიკური განვითარება და ევროატლანტიკურ გზაზე დარჩეთ. ევროპას დღეს ბევრი გამოწვევა აქვს, აქედან გამომდინარე, თუ საქართველო გზას აცდება, ევროპელ ლიდერებს უფრო გაუმარტივდებათ მისი იგნორირება”, – აღნიშნავს დევიდ კრამერი.

მისივე თქმით, ამ კონტექსტში რეგიონში მნიშვნელოვან ფაქტორია რუსეთი, რომელიც აგრესიას აგრძელებს. ანალიტიკოსის განცხადებით, ეს აგრესია გამოწვევაა, რამდენადაც არასდროს იცი, რუსეთის პრეზიდენტისგან, ვლადიმირ პუტინისგან რას უნდა ელოდო.