დევი ხეჩინაშვილი - სავალდებულო დაზღვევას ზარალის ანაზღაურების განსხვავებული სტანდარტი შემოაქვს
დევი ხეჩინაშვილი - სავალდებულო დაზღვევას ზარალის ანაზღაურების განსხვავებული სტანდარტი შემოაქვს

სავალდებულო დაზღვევას ბრალეულობის მიუხედავად, ზარალის ანაზღაურების სრულიად განსხვავებული სტანდარტი შემოაქვს, – ამის შესახებ სადაზღვევო ასოციაციების ხელმძღვანელმა დევი ხეჩინაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„სავალდებულო დაზღვევა ერთი მხრივ, საკითხს აჩენს და მისი სისტემურად გადაწყვეტისკენ უბიძგებს. ხვალ რომ რომელიღაც ბაზრობაზე ხანძარი მოხდეს და მეწარმეები დაზარალდნენ, ბრალეულობის მიუხედავად, ისინი ანაზღაურებას მიიღებენ. თუ შემდეგში ვინმეს ბრალეულობა დადგინდა, სადაზღვევო კომპანიას მის მიმართ რეგრესის, ანუ მისგან ამოღების უფლება ექნება. საუბარია მცირე, 15 000 ლარამდე თანხებზე“, – განაცხადა ხეჩინაშვილმა.

მისი თქმით, ბაზრობაზე მაღაზიებსა და საწყობებში გაცილებით დიდი თანხის საქონელი აქვთ და ბევრად უკეთესია, მათმა მფლობელებმა ქონება თვითონ დააზღვიონ იმ თანხაზე, რაც რეალურად, საწყობში აქვთ.

„მაგათ არ გაუჭირდებათ, რადგან ყველანი საბუთებით მუშაობენ. ანუ, ასეთი ობიექტების დაზღვევა პრობლემა საერთოდ არ არის“, – განაცხადა ხეჩინაშვილმა.

როგორც ხეჩინაშვილმა განაცხადა, სავალდებულო დაზღვევა ბაზრობის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, სადაზღვევო კომპანიაში აუცილებლად მიიყვანს მეტ ჩამოყალიბებულ მეწარმეს და ამით ბაზრობა მეწარმეების პასუხისმგებლობის დაზღვევის ვალდებულებისგან გათავისუფლდება.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ არ აუნაზღაურეს სადაზღვევო კომპანიებმა ზარალი სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულისა“ და ფოთის ბაზრის მოვაჭრეებს და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ მოვაჭრეები, რომ ზარალი აუნაზღაურდეთ, დევი ხეჩინაშვილმა განაცხადა, რომ დაზღვევა მხოლოდ დადასტურებულ ზარალს ანაზღაურებს.

„დაზღვევა დაუდასტურებულ ზარალს ვერ აანაზღაურებს. მნიშვნელობა არ აქვს, ეს 5 ლარია, თუ 500 000. მათ ყველაფერი საბუთებით უნდა ჰქონდეთ დადასტურებული. ან უნდა იყოს მოჭრილი თანხა, როგორც დადგენილებაში წერია, რომ თუ საბუთი არ არის, დაზღვევა ზარალს 3 000–ლარამდე, 1 კვ.მ–ზე 500 ლარით აანაზღაურებს“, – განაცხადა ხეჩინაშვილმა.

როგორც სადაზღვევო ასოციაციების ხელმძღვანელმა აღნიშნა, სავალდებულო დაზღვევის შემოღების შემდეგ, დაზარალებულებისთვის სახელმწიფოდან თუ ობიექტის მეპატრონისგან მილიონების გამოყოფა საჭირო აღარ იქნება, მაგრამ თუ მოვაჭრეს საბუთი არ ექნა, ის ყველა შემთხვევაში მოჭრილ თანხას მიიღებს, რაც არ შეიძლება, ძალიან დიდი იყოს, რომ ადამიანს ცუდი ქცევისკენ არ უბიძგოს.