დევი ხეჩინაშვილი - ქონების დაზღვევა არ არის ფუფუნება, ეს არის კულტურა, რაც არ გვაქვს და უნდა გამოვიმუშაოთ
დევი ხეჩინაშვილი - ქონების დაზღვევა არ არის ფუფუნება, ეს არის კულტურა, რაც არ გვაქვს და უნდა გამოვიმუშაოთ

ქონების დაზღვევა მართლა არ არის ფუფუნება, ის ადამიანმა უნდა წარმოიდგინოს როგორც ერთ-ერთი ხარჯი, მაგალითად როგორიცაა საწარმოო და საწყობის ხარჯები, – ამის შესახებ სადაზღვევო კომპანიების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ, დევი ხეჩინაშვილმა პირველ არხს განუცხადა.

„დაზღვევის პროცესში საკმაოდ რთულია ბაზრობების დაზღვევა, რთულია იმიტომ, რომ თითქმის ორ თვეში ერთხელ გვესმის, რომ ბაზრობა იწვის, რისი მიზეზიც, ძირითადად, სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დარღვევაა. ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა. ეს არის ნამდვილი, დიდი რისკი, რომელიც სადაზღვევო კომპანიამ უნდა აიღოს თავის თავზე და არ უნდა იყოს ისეთი წარმოდგენა, რომ დაზღვევა ხურდაში უნდა გამოყვეს.

ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი რამ, რომ ეს სახელმწიფო პროექტი ძირითადად მაინც სოციალური ხასიათისაა. გუშინდელი დღე ნათელი მაგალითია იმისა, რომ ადამიანებს სავაჭრო ცენტრში 100 ათასობით ლარის საქონელი შეიძლება ჰქონოდათ და ამ ადამიანებს პირდაპირ უნდა ვუთხრათ, რომ ეს მათ თვითონ უნდა დააზღვიონ და მხოლოდ ასე იქნებიან დაცულნი ზარალისგან.

ქონების დაზღვევა მართლა არ არის ფუფუნება, ის ადამიანმა უნდა წარმოიდგინოს როგორც ერთ-ერთი ხარჯი, მაგალითად როგორიცაა საწარმოო და საწყობის ხარჯები. ეს არის კულტურა, რაც ჩვენ არ გვაქვს და უნდა გამოვიმუშაოთ“ – განუცხადა პირველ არხს დევი ხეჩინაშვილმა.

1-ელი მარტიდან საქართველოში, საზოგადოების თავშეყრის ადგილებზე მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევა „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით დარეგულირდება.

რომელი ობიექტი დაექვემდებარება დაზღვევას, ჩამონათვალი მთავრობამ რისკების შეფასების მიხედვით განსაზღვრა.

ამ ეტაპზე, აქცენტი ბაზრობებსა და სავაჭრო ცენტრებზე კეთდება, რომელთა მეპატრონეებიც ვალდებული არიან, 1-ელი მარტიდან სადაზღვევო პოლისები შეიძინონ.

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ კანონში შესული ცვლილებების თანახმად, მოვაჭრე, ბრალეულობის მიუხედავად, 15 ათასი ლარის ფარგლებში ზარალს მაინც აინაზღაურებს.