დევი ჭანკოტაძე - ხალხო, არ იყიდოთ გაზის აეროზოლები, ელექტროშოკები, მალე ქუსლიანი ფეხსაცმელების ყიდვასაც აგვიკრძალავენ
დევი ჭანკოტაძე - ხალხო, არ იყიდოთ გაზის აეროზოლები, ელექტროშოკები, მალე ქუსლიანი ფეხსაცმელების ყიდვასაც აგვიკრძალავენ

ხალხო, არ იყიდოთ გაზის აეროზოლები, ელექტროშოკები, მალე ქუსლიანი ფეხსაცმელების ყიდვასაც აგვიკრძალავენ, არ იყიდოთ ერთჯერადი პლასტმასის დანა-ჩანგალი, რადგან შეიძლება მეორე დღეს სახელმწიფო გადატრიალება დაგვაბრალონ, – ამის „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დევი ჭანკოტაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

დევი ჭანკოტაძე ბრიფინგზე მათი პარტიის აქტივისტის მიმართ სახელმწიფო გადატრიალების მუხლით გამოძიების დაწყებას გამოეხმაურა.

„ჩვენს აქტივისტს, რაფიკ ორუჯოვს, რომელიც ცხოვრობს კასპის რაიონში და ლუკმაპურს ჯინსების გაყიდვით შოულობს, დღეს აღუძრეს სისხლის სამართლის საქმე, მუხლი არის სახელმწიფო გადატრიალება. იყო დაბარებული სუს-ში, ჩვენი იურისტი გაჰყვა და მოითხოვა სასამართლო წესით დაკითხვა.

31 ოქტომბერს, ჩვენ როცა ვზეიმობდით ჩვენს გამარჯვებას, ჩვენი ბიჭების მანქანების ჩხრეკა ჩაატარეს, ერთი მანქანა საერთოდ წაიყვანეს, სამი მანქანა გაჩხრიკეს და იპოვეს ერთი ელექტროშოკი. დაასკვნეს, რომ ეს ბატონი სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავს. ცდილობენ ჩვენი აქტივისტების, ნათესავების, მეგობრების დაშინებას, რადგან ჩვენ არ გამოვიდეთ ქუჩაში, არ გამოვხატოთ ჩვენი ბრაზი. ვინც გააკეთა სახელმწიფო გადატრიალება 31 ოქტომბერს, ჩვენმა ხალხმა კარგად იცის.

ირაკლი კობახიძე წინასწარ გამოვიდა და თქვა, რომ დევი ჭანკოტაძის ხალხი, ახლობელი ზონდერები არიან შეიარაღებული ელექტროშოკებით, ხელკეტებით. ხალხო, არ იყიდოთ გაზის აერეზოლები, ელექტროშოკები, მალე ქუსლიანი ფეხსაცმელების ყიდვასაც აგვიკრძალავენ, არ იყიდოთ ერთჯერადი პლასტმასის დანა-ჩანგალი, რადგან შეიძლება მეორე დღეს სახელმწიფო გადატრიალება დაგვაბრალონ. სულ მცირე, ჩვენი მოსახლეობის ნახევარს ჩანთაში უდევს ელექტროშოკი და ეს არის თავდაცვის საშუალება.

ეშინიათ მათ ქუჩაში სიარულის და ამის საფუძველზე სუს-მა აღძრა საქმე სახელმწიფო გადატრიალების მუხლით. ჩვენ არ გვეშინია, არავითარი თქვენი ე.წ. საბურავების საქმე ნომერი ორის აღძვრა. არ შეგვეშინდება“, – განაცხადა დევი ჭანკოტაძემ.