დევდორაკის ხეობაში საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას სასაზღვრო პუნქტი „დარიალი“
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის საფუძველზე, დევდორაკის ხეობაში ამ დროისთვის არსებული ვითარების გათვალისწინებით, საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნეს, – ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, ასევე, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალი“.
„დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, სასიგნალო შეტყობინება დღის პირველ ნახევარში შემოვიდა.
პროტოკოლის შესაბამისად, სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ ადგილზე მყოფი მოქალაქეების, ასევე, გამშვებ პუნქტზე დასაქმებული საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციისა და კერძო კომპანიის თანამშრომლების უსაფრთხო ადგილზე ევაკუაცია მყისიერად განხორციელდა.
ამავდროულად პრევენციის მიზნით, სოფელ გველეთთან ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის ორივე მიმართულებით მოძრაობა შეიზღუდა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მოხსნილია“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.