Deutsche Welle - გერმანია ლიბიასთან წარმოებულ ჰუმანიტარულ მისიაში მონაწილეობას აღარ მიიღებს
Deutsche Welle - გერმანია ლიბიასთან წარმოებულ ჰუმანიტარულ მისიაში მონაწილეობას აღარ მიიღებს

გერმანია ლიბიასთან წარმოებულ ჰუმანიტარულ მისიაში მონაწილეობას აღარ მიიღებს. ამის შესახებ Deutsche Welle ევროპული სახელმწიფოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

სამაუწყებლო კომპანიის ცნობით, ევროკავშირის მიერ წარმოებულ სამხედრო საზღვაო ოპერაცია „სოფიას“ ფარგლებში, გერმანია ახალ გემს აღარ გაგზავნის. ფრეგატი „აუგსბურგი“ ლიბიის სანაპიროსთან თებერვლამდე გაჩერდება, რის შემდეგაც მას სამშობლოში დააბრუნებენ, ახალ გემს კი ადგილზე აღარ გაგზავნიან. ფრეგატი „აუგსბურგი“ თებერვალში გემ „ბერლინს“ უნდა შეეცვალა. საჭიროების შემთხვევაში, „ბერლინი“ ლიბიის სანაპიროსთან 14 დღეში ჩავა.

სამხედრო-საზღვაო ოპერაცია „სოფიას“ ფარგლებში, ევროკავშირის სახელმწიფოები ხმელთაშუა ზღვაში, ლიბიის სანაპიროსთან მიგრანტების გადასარჩენად ჰუმანიტარულ ოპერაციებს აწარმოებენ.

2018 წლამდე მისიის ფარგლებში გადარჩენილი მიგრანტები იტალიის პორტებში გადაჰყავდათ, თუმცა ახალმა პოპულისტურმა მთავრობამ საიმიგრაციო პოლიტიკა შეცვალა. ახლა რომში მიიჩნევენ, რომ ხმელთაშუა ზღვაში გადარჩენილი მიგრანტები მხოლოდ იტალიაში არ უნდა მიჰყავდეთ.

სამწლიანი ოპერაციის ფარგლებში, 50 ათასი მიგრანტის გადარჩენა მოხერხდა.