„დესნას“ წარმომადგენელმა ლევან არველაძეს მადლობა გადაუხადა - მან და სხვა ფეხბურთელებმა თანხები ჩაგვირიცხეს #1TVSPORT
ჩერნიგოვის „დესნას“ პრესსამსახურის წარმომადგენელმა დიმიტრი დოროშკომ ის ფეხბურთელები დაასახელა, რომლებიც გუნდს და ქალაქს ომის პერიოდში დაეხმარნენ – მათ შორის ლევამ არველაძე ახსენა, რომელიც „დესნადან“ დროებით ქუთაისის „ტორპედოში“ გადავიდა.
„გუნდის ბევრი ამჟამინდელი და ყოფილი მოთამაშე ძალიან დაგვეხმარა. მაგალითად, ლევან არველაძემ და სხვა ბიჭებმა ფული ჩაგვირიცხეს. თანხა დაახლოებით ნახევარი მილიონი გრივნა იყო. თანხის შეგროვებაში მონაწილეობნენ „დესნას“ მწვრთნელები და პერსონალი. ჩვენმა ექიმმა ფინანსური დახმარების გარდა, პირადად ჩამოიტანა ჩერნიხოვში ჰუმანიტარული დახმარების ძალიან დიდი პარტია. ეს იყო მედიკამენტები ბავშვთა ონკოლოგიური განყოფილებისთვის, აღჭურვილობა სამხედროებისა და ონკო-ბლოკისთვის, გენერატორები. ალექსანდრე რიაბოკონი (გუნდის მწვრთნელი) კი ტერიტორიული თავდაცვის ჯგუფშია და კიევის რეგიონის რუსებისაგან გაწმენდაში მონაწილეობს“, – განაცხადა დიმიტრი დოროშკომ.
ჩერნიგოვი ერთ-ერთი ის ქალაქია, რომელიც რუსული ბომბებისგან ყველაზე მეტად დაზარალდა. ქალაქი გადარჩა, მაგრამ ნორმალურ ცხოვრების რეჟიმში დაბრუნებას დიდი დრო დასჭირდება. „დესნას“ პრესსამსახურის წარმომადგენელმა ჩერნიგოვში მომხდარი საშინელი მოვლენების დეტალები გაიხსენა, რადგან ომის პირველივე დღიდან მშობლიურ ქალაქში იმყოფებოდა და ყველაფერი საკუთარი თვალით ნახა.
„დაბომბვის დროს საჭიროა სასწრაფოდ თავშესაფრებში ან სარდაფებში ჩასვლა. მსხვერპლთა უმეტესობა უსაფრთხოების ამ წესების უგულებელყოფამ გამოიწვია. ქალაქის დიდი ნაწილი დანგრეულია, კომუნიკაციები ძალიან დაზიანდა, დენი ახლაც არ გვაქვს. თუმცა, საომარი მდგომარეობის გათვალისწინებით, ქალაქი უმაღლეს დონეზეა ორგანიზებული. მუნიციპალური სამსახურები ქალაქს აწესრიგებენ და ტიტებიც კი დარგეს. მესმის, რომ ახლა ეს არ არის ყველაზე მთავარი, მაგრამ სულს ათბობს. რუსები „დესნას“ სტადიონს ზედიზედ სამი ღამე ბომბავნენ და საშინელ მდგომარეობაში ჩააგდეს, ტრიბუნა მთლიანად ჩამოინგრა და ჩემი აზრით, სტადიონის რეკონსტრუქცია შეუძლებელია. არენის გვერდით იყო ჩვენი კლუბის ბაზა, რომელიც ომამდე უახლესი ტექნიკით იდეალურ მდგომარეობაში იყო და ახლა მთლიანად განადგურებულია“, – იხსენებს „დესნას“ წარმომადგენელი.