არველაძე უკრაინის პრემიერლიგის სიმბოლურშია
არველაძე უკრაინის პრემიერლიგის სიმბოლურშია

უკრაინის პრემიერლიგის 22-ე ტურში ჩერნიგოვის „დესნამ“ ერთ-ერთი ფავორიტი და უშუალოდ კონკურენტი ლუგანსკის „ზორია“ 1:0 დაამარცხა.

ამით ჩერნიგოველებმა 42 ქულა დააგროვეს, ლუგანსკელებთან სხვაობა ქულამდე შეამცირეს და მეოთხე ადგილზე არიან. „დესნაში“ ბევრისთვის უცნობი ქართველი ფეხბურთელი ლევან არველაძე თამაშობს, რომელიც გამოცემა „ფუტბუმმა“ 22-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს.

„საყრდენი ნახევარმცველი ლევან არველაძე („დესნა“). ნამდვილი ჯარისკაცივით იბრძოდა. ლევანი ყველგან ასწრებდა – თავის პარტნიორებს დაცვაშიც ეხმარებოდა და „ზორიას” შემტევებს ყველანაირად ხელს უშლიდა. გარდა ამისა, შეტევებში ჩართვას და თავადმსხმელების დახმარებასაც ახერხებდა. ლევანის როლი ჩერნიგოველთა ცენტრალურ ზონაში და გუნდის დამუხტვაში შეუძლებელია არ დააფასო“ – წერს გამოცემა „ფუტბუმი“.

ლევან არველაძე 26 წლისაა. ის საქართველოში დაბადებული და გაზრდილია და საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების წევრი იყო. 2010 წელს უკრაინაში წავიდა, დნეპროპეტროვსკის „დნიპროს“ საფეხბურთო აკადემიაში ჩაირიცხა და მას შემდეგ უკრაინაში თამაშობს და ამ ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო.