დეშამი წაგების შემდეგაც ღირსეულად მოიქცა - მას მაკრონმა საფრანგეთის ნაკრებში დარჩენა სთხოვა #1TVSPORT
საფრანგეთის მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა არგენტინასთან 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის წაგების შემდეგ (3:3, 2:4 – პენალტებში), პრეტენზიების მიუხედავად, მსაჯობაზე კომენტარი არ ისურვა და მეტოქეს გამარჯვება ღირსეულად მიულოცა. ასევე უპასუხა შეკითხვას ნაკრებში მისი მომავლის შესახებ.
„იმედგაცრუება ძალიან დიდია. ტურნირამდე და მის დროსაც ბევრ სირთულეს წავაწყდით, მაგრამ ეს არ არის გასამართლებელი მიზეზი. როცა არ არის ტიტული, მაგრამ გვერდით იყავი, ეს ძალიან მტკივნეულია.
პირველი 60 წუთის განმავლობაში ჩვენ ერთი მომენტიც არ შეგვიქმნია. მეტოქეზე უარესად სხვადასხვა მიზეზის გამო გამოვიყურებოდით, მაგრამ ბოლოს, ყოველგვარი პროგნოზის საწინააღმდეგოდ, ჩვენ თამაშში დავბრუნდით, შევცვალეთ ძალიან რთული ვითარება, რაც საბოლოო შედეგს კიდევ უფრო დასანანს ხდის. თუმცა, ვულოცავ არგენტინის გუნდს, რომელმაც გამოიჩინა კლასი, აგრესიულობა, ეშმაკობაც კი (იღიმის), ამას ველოდით, მაგრამ ეს არ აკნინებს მათ დამსახურებას.
ბევრი ემოცია იყო, მაგრამ დასასრული მეტისმეტად სასტიკი გამოდგა. არის რამდენიმე მიზეზი, რამაც განაპირობა ის, რომ ჩვენ უარესები ვიყავით. მიუხედავად ყველაფრისა, გავაკეთეთ ის, რაც საჭირო იყო – ახალგაზრდა ფეხბურთელების მოსვლით, რომელთაც ნაკლები გამოცდილება აქვთ, მაგრამ ენერგიულები და ნიჭიერები არიან, საკუთარ თავს ოცნების უფლება მივეცი, მაგრამ ოცნება არ ახდა.
მსაჯობა? უკეთესი იქნება, რომ ეს კითხვა არ დამისვათ. კომენტარის დროს ფრთხილი ვიქნები. იყო, რაც იყო. შეიძლება იყოს უარესი, შეიძლება უკეთესიც, არის გადაწყვეტილებები, რომლების განხილვაც შეუძლიათ, როგორც ეს ხდება ყველა მატჩში, მაგრამ არ მინდა, არგენტინას ამ მსოფლიო ჩემპიონატის მოგების დამსახურება დავუკნინო. თამაშის შემდეგ მსაჯს ველაპარაკე, მაგრამ დეტალებს არ შევეხები. ვულოცავ არგენტინის ეროვნულ გუნდს.
დავრჩები თუ არა ნაკრებში? დრო დამჭირდება, ყველაფერი რომ გავიზარო. ახალი წლის დასაწყისში ფედერაციის ხელმძღვანელობას შევხვდები, როგორც დაგეგმილია და ვნახოთ. არ მინდა ახლა ამაზე საუბარი“, – განაცხადა L’Equipe-თან საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა.
54 წლის სპეციალისტს მოქმედი კონტრაქტი 2022 წლის 31 დეკემბერს ეწურება. GFFN-ის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა დიდიე დეშამს მუშაობის გაგრძელება სთხოვა.
დეშამი ეროვნულ გუნდს 2012 წლის ივლისიდან ხელმძღვანელობს. ათი წლის განმავლობაში ფრანგები გახდნენ მსოფლიო ჩემპიონები (2018), ერთა ლიგის (2021) გამარჯვებულები და ორი ტურნირის ვერცხლის მედალოსნები – ევროპის (2016) და მსოფლიო ჩემპიონატის (2022).