დერიკ ლუისმა ალექსეი ოლინიკი ნოკაუტით დაამარცხა
დერიკ ლუისმა ალექსეი ოლინიკი ნოკაუტით დაამარცხა

ლას ვეგასის „აპექსის“ დარბაზში აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მორიგი „ქარდი“ გაიმართა. მთავარი ბრძოლა მძიმე წონით დივიზიონში შედგა. დერიკ ლუისი რუს ვეტერან ალექსეი ოლეინიკს დაუპირისპირდა და მეტოქეს მეორე რაუნდში ნოკაუტით სძლია. როგორც შემდგომ გახდა ცნობილი, ლუისი მძიმე წონით დივიზიონში ყველა დროის ყველაზე მეტი ნოკაუტის ავტორი გახდა.

გამარჯვების გემო გაიხსენა საშუალო წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა კრის ვაიდმანმა. ამერიკელმა მებრძოლმა რუსი ომარ ახმედოვი მსაჯთა საერთო გადაწყვეტილებით დაამარცხა.

ეფექტური გამარჯვება მოიპოვა გიგა ჭიკაძის თანაგუნდელმა ბენეილ დარიუშმა, რომელმაც სკოტ ჰოლცმანს ლამაზი ნოკაუტით მოუგო. კევინ ჰოლანდმა ასევე ეფექტური გზით მოახერხა დებიუტანტი ჟოაკინ ბაკლის ძლევა. გამოცდილმა ენდრიუ სანჩესმა კი ველინგტონ ტურმანს სძლია.