ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში მეორე ტური დასრულდა. თბილისური დერბი „მიხეილ მესხი 2“–ზე გაიმართა და „ლოკომოტივი“ „დინამოსთან“ დამარცხდა.
21-ე წუთზე „ლოკომოტივი“ თემურ შონიამ დააწინაურა. ამის შემდეგ უპირატესობა „დინამომ“ მოიპოვა და მეტოქე უშანსოდ დატოვა – მე-40 წუთზე წონასწორობა ოთარ კიტეიშვილმა აღადგინა, 44-ეზე გიორგი ივანიშვილმა სტუმრები დააწინაურა, მეორე ტაიმში თავი აკაკი შულაიამ (54-ე წუთი) გამოიჩინა, ხოლო 83-ე წუთზე ოთარ კიტეიშვილმა დუბლი შეასრულა და „დინამომ“ 4:1 მოიგო.
სენსაციურად დასრულდა შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მთავარ არენაზე, სადაც „სიონმა“ „სამტრედია“ 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი ბოლნისელთაგან ჯაბა დვალის ანგარიშზეა, რომელმაც მეტოქის კარი 48-ე წუთზე აიღო. „სამტრედიას“ ანგარიშის გათანაბრების რეალური შანსი 61-ე წუთზე ჰქონდა – „სიონის“ კარში პენალტი დაინიშნა, მაგრამ ივან ფეტიჩის დარტყმული ბურთი ბოლნისელთა მეკარე მიხეილ მუჯრიშვილმა ხელებში დაიჭირა. საბოლოოდ, „სიონმა“ 1:0 გაიმარჯვა.
ორი ტურის შემდეგ, ექვსი ქულით ეროვნულ ლიგას სათავეში „საბურთალო“ ჩაუდგა, შემდეგ, 4-4 ქულით, საჩხერის „ჩიხურა“ და გორის „დილა“ მოდიან. „ლოკომოტივს“ და ფოთის „კოლხეთს“ ჯერ ქულა არ აქვთ და ბოლო ადგილებზე იმყოფებიან.