Der Spiegel - კვლევის მიხედვით, ბუნებრივი კატასტროფების მხრივ სახიფათო ქვეყნების სიაში საქართველოს საშუალოზე მაღალი მაჩვენებელი აქვს
Der Spiegel - კვლევის მიხედვით, ბუნებრივი კატასტროფების მხრივ სახიფათო ქვეყნების სიაში საქართველოს საშუალოზე მაღალი მაჩვენებელი აქვს

გერმანული ასოციაცია Bündnis Entwicklung Hilft-ის კვლევაში, ბუნებრივი კატასტროფების მხრივ სახიფათო ქვეყნების სიაში საქართველოს საშუალოზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. Der Spiegel-ის მიერ გამოქვეყნებული გერმანული ასოციაციის კვლევა მოიცავს იმ რისკფაქტორებს, რაც ბუნებრივ კატასტროფებს თან ახლავს.

ამასთან კვლევაში გათვალისწინებულია, როგორ ემზადება კონკრეტული მთავრობა ბუნებრივი კატასტროფისთვის და როგორ ებრძვის მას. შედეგად, გერმანელმა სპეციალისტებმა შეადგინეს ცხრილი, რომელ ქვეყანაში აქვს ადამიანს გადარჩენის ყველაზე მაღალი შანსი ბუნებრივი კატასტროფის შემთხვევაში.

აღნიშნულ რუკაზე საქართველო ვარდისფერით არის გამოსახული და შესაბამისი 5,45 ქულა აქვს მინიჭებული. კვლევის თანახმად საქართველოში ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული საფრთხის შესაძლებლობის მხოლოდ 14,15 პროცენტი არსებობს. სტიქიის შემთხვევაში კი ბუნებრივი კატასტროფის წინააღმდეგ საქართველოს ბრძოლა 38,63 პროცენტით არის შეფასებული.

გერმანული ასოციაციის კვლევის თანახმად, ამ მხრივ ყველაზე სახიფათო ქვეყნები ვანუატუ (50,28) და ტონგა (29,42) არიან, სადაც ბუნებრივი კატაკლიზმის შემთხვევაში, სიკვდილის რისკი ძალიან მაღალია. აღნიშნული რეგიონისთვის ყველაზე სახიფათო ბუნებრივ კატასტროფად მიწისძვრა, ცუნამი და ქარიშხალია მიჩნეული.
დაახლოებით მსგავსი ვითარებაა ფილიპინების რეგიონშიც, სადაც მაღალ რისკფაქტორად ვულკანების შესაძლო ამოფრქვევა სახელდება.

რაც შეეხება ყველაზე უსაფრთხო ქვეყნებს, გერმანული ასოციაციის სპეციალისტებმა კანადასა და ჩრდილოეთ ევროპასთან ერთად, საუდის არაბეთი და ყატარიც დაასახელეს. ანგარიშის თანახმად, ამ მხრივ გადამწყვეტი ქვეყნის ინფრასტრუქტურაა, რადგან საჭიროების შემთვევაში, ქალაქებისა და აეროპორტების საკმარისი რაოდენობის საშუალებით მოსახლეობის სწრაფი ევაკუაცია და სამაშველო სამუშაოების ოპერატიულად ჩატარების შანსი არსებობს.

გერმანული ასოციაციის ექსპერტებმა კვლევა სულ 171 ქვეყანაში ჩაატარეს.