დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი გუნდიდან ეკა ბესელიას წასვლას დანაკარგად არ მიიჩნევს
დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი გუნდიდან ეკა ბესელიას წასვლას დანაკარგად არ მიიჩნევს

დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი გუნდიდან ეკა ბესელიას წასვლას დანაკარგად არ მიიჩნევს, – ამის შესახებ დეპუტატმა ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.

„ეკა ბასელიამ თავის წასვლის მიზეზად უკვე მრავალი მიზეზი დაასახელა, აქედან გამომდინარე ეჭვი მეპარება, რომ რაიმე კონკრეტულს უკავშირდებოდეს ეკას. მე იმისთვის წავედი, რომ მისი წასვლისთვის ხელი არ შემეშალა“, – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

რაც შეეხება მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძესთან ვანო ზარდიაშვილის მეგობრობას, როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ამ თემაზე სპეკულირება რომ დასრულდეს, მაგალითად მოიყვანს ეკა ბესელიას მეგობრობას ზაზა მეიშვილთან, რომელიც  სისხლის სამართლის პალატას კურირებდა.

„ამ თემაზე სპეკულირება რომ დასრულდეს, ძალიან კარგი პარალელის გავლება შეიძლება. მუდმივად უსვამენ ხაზს მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძესთან ჩემს მეგობრობას. რატომღაც არავინ არასდროს ახსენებს ქალბატონ ეკას ნათელმირონს ზაზა მეიშვილს, რომელიც სისხლის სამართლის პალატას კურირებდა. არავინ არ ახსენებს ასევე მის ნათელმირონსა და უახლოეს მეგობარს, ნონა წოწორიას, რომელიც ზურაბ ადეიშვილის მოადგილე იყო და ასევე ევროსასამართლოში საქართველოს მოსამართლეს წარმოადგენდა.

მე ამას იმიტომ ვამბობ და ხაზს ვუსვამ, რომ მეგობრობა არასდროს არ განსაზღვრავს არც კანის ფერს, არც პოლიტიკურ სპექტრს და ოჯახურ გარემოებას. შესაბამისად, თუ მაინცდამაინც ამ თემებით გვინდა მსჯელობა, დავიწყოთ მაშინ ამ საკითხებით. რა კავშირები აქვს ქალბატონ ბესელიას ზაზა მეიშვილთან, ნონა წოწორიასთან და ასე შემდეგ“, – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.