დეპუტატი მერაბ ქვარაია დაინტერესდა, რატომ არ იზრდება მომავალი წლის ბიუჯეტში ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება უფრო მეტი მოცულობით  
დეპუტატი მერაბ ქვარაია დაინტერესდა, რატომ არ იზრდება მომავალი წლის ბიუჯეტში ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება უფრო მეტი მოცულობით  

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი მერაბ ქვარაია მიიჩნევს, რომ უმჯობესია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება 2020 წლის ბიუჯეტში უფრო მეტი მოცულობით გაიზარდოს.

2020 წლის ბიუჯეტის პროექტს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ, სადაც დეპუტატმა, მერაბ ქვარაიამ რეგიონული ინფრასტრუქტურის ნაწილზე გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, აღნიშნული მიმართულება ძირითადად, ყოველწლიურად ზრდის ტენდენციით გამოირჩეოდა.

„გასაგებია, რომ იზრდება ასიგნებები 70 მლნ ლარით, თუმცა მკვეთრი მატება არ არის. როდესაც გადავავლე თვალი დაგეგმილ პროექტებს, რა თქმა უნდა, როგორც ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატს გამიხარდა, რომ ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზა და რკინიგზა მოხვდა 2020 წელს დაგეგმილ სამუშაოებში, ამ თვალსაზრისით 50 მლნ ლარია გამოყოფილი. ასევე გამიხარდა, რომ დევნილების ნაწილში გვაქვს ზრდა, თუ გავითვალისწინებთ ჯანდაცვის სამინისტროში გამოყოფილ 60 მლნ ლარს, ასევე ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის დაგეგმილ 55 მლნ ლარს, რაც დევნილების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. თუმცა ფაქტია, რომ საერთო ჯამში, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებები დიდი მოცულობით არ იზრდება, მკვეთრი მატება არ გვაქვს და აქ ალბათ, ცოტა მეტი განმარტება კარგი იქნებოდა, ხომ არ იქნება ეს დესტიმულატორი სამინისტროს იმ პროექტებისთვის, რომელიც უკვე დაწყებულია ან დაგეგმილია 2020 წლისთვის“, – აღნიშნა ქვარაიამ.

უმრავლესობის დეპუტატს კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ უპასუხა. მისი თქმით, თანხების გადანაწილებისას გათვალისწინებულია ორი პარამეტრი – ეკონომიკური ზრდა და ბიუჯეტის დეფიციტი.

„ამ ორ პარამეტრზე დაყრდნობით ვმუშაობდით ყველა სამინისტროსთან, მათ შორის ინფრასტრუქტურის უწყებასთან. თანხების გადანაწილება მოხდა ძირითადად იმ საჭიროებებზე, რომლებიც მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და, რა თქმა უნდა, როდესაც ინფრასტრუქტურის სამინისტროს საკითხს გავდიოდით, ცალსახად გვქონდა აქცენტი იმაზე, რომ არც ერთი მიმდინარე პროექტი არ უნდა შეფერხდეს. რა თქმა უნდა, არც ერთ პროექტზე არ გვექნება შეფერხება“, – აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.

ამასთან, მისი თქმით, ფინანსთა სამინისტრო დააკვირდება წლის განმავლობაში ვითარებას და თუ ეკონომიკა პროგნოზირებულზე მეტად გაიზარდა და მეტი რესურსის მიღება იქნა შესაძლებელი, უპირველესი აქცენტი ინფრასტრუქტურის სამინისტროზე და ამ მიმართულებით დამატებითი თანხების გამოყოფაზე გაკეთდება.

2020 წლის ბიუჯეტის პროექტში ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება 71.6 მლნ ლარით არის გაზრდილია და 2 მლრდ 71 მლნ 600 ათასს ლარს შეადგენს.