დეპუტატების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომა შეწყდა, ოპოზიციამ სხდომა დატოვა, რის გამოც, საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აირჩეს
დეპუტატების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომა შეწყდა, ოპოზიციამ სხდომა დატოვა, რის გამოც, საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აირჩეს

დეპუტატების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომა შეწყდა, ოპოზიციამ სხდომა დატოვა, რის გამოც საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აირჩიეს. ოპოზიცია ამბობს, რომ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან და საკრებულოს ახალ შემადგენლობაში კვორუმს არ უზრუნველყოფენ.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, კახა ქაშიბაძემ განაცხადა, სხდომა დატოვეს, რადგან გარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძის დას, ნაზი ფუტკარაძეს არ მისცეს სიტყვით გამოსვლის უფლება.

„ბატონი ნუგზარ ფუტკარაძე რომ ყოფილიყო, საკრებულო იყო ოპოზიციური. სწორედ ამომრჩევლის ნება იყო ოპოზიციური საკრებულო და არა ის მოცემულობა, რაც გვაქვს, ამიტომ არასდროს უზრუნველვყობთვორუმს და არ დავესწრებით სხდომებს, ვიდრე ბათუმის საკრებულო არ იქნება ოპოზიციური“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, კახა ქაშიბაძემ.

ოპოზიციის სტრატეგია გაუგებარია „ქართული ოცნების“ დეპუტატებისთვის. ისინი ამბობენ, რომ დღევანდელი განცხადება არაფერს ნიშნავს და შესაძლოა საკრებულომ შეძლოს ნორმალური ფუნქციონირება.

„ნაციონალურ მოძრაობას“ არაერთი განცხადება გაუკეთებია და შემდეგ შეუცვლია პოზიცია, ამიტომ დღევანდელი განცხადება არაფერს ნიშნავს, ასევე შესაძლოა, საკრებულოში შემოვიდეს გახარიას პარტიის ორი დეპუტატი, ამ შემთხვევაში კვორუმი იქნება, ამიტომ მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ, მთავარია, დღეს უფლებამოსილების ცნობთ საკრებულოს ლეგიტიმაცია დადასტურდა“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ აფხაზავამ.

არც ერთი მხარე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე არჩევნები დადგეს დღის წესრიგში, თუმცა ამ ეტაპზე მათ პროგნოზირება უჭირთ.