დეპოზიტების დაზღვევის ფონდში 20 მილიონ ლარამდეა დაგროვებული
დეპოზიტების დაზღვევის ფონდში 20 მილიონ ლარამდეა დაგროვებული

დეპოზიტების დაზღვევის ფონდში 2017 წლიდან დღემდე 19,4 მლნ ათასი ლარია აკუმულირებული. ამის შესახებ საქართველოს დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს წლიურ ანგარიშშია აღნიშნული.

სააგენტოს ინფორმაციით, სახსრების ინვესტირება მხოლოდ დაბალრისკიან აქტივებში, კერძოდ კი, მთავრობის ფასიან ქაღალდებში განხორციელდა.

„ერთი წლის განმავლობაში, სააგენტომ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონზე ჯამში 24 განცხადება განათავსა, საიდანაც 18 დაკმაყოფილდა. საინვესტიციო პორტფელს წლიური საშუალო შემოსავლის სახით 7,49 პროცენტიანი სარგებელი ერიცხებოდა“, – ნათქვამია დოკუმენტში.

სააგენტოს ცნობით, ინვესტიციის შედეგად სარგებლის სახით მიღებულმა შემოსავალმა 2018 წელს 349 390 ლარი შეადგინა. ამასთან, 2018 წლის დეკემბრის მონაცემების მიხედვით, საქართველოში სრულად დაზღვეულია დეპოზიტარი ფიზიკური პირების 96.2 პროცენტი და ფიზიკური პირების დეპოზიტების მთლიანი მოცულობის 14 პროცენტი. დეპოზიტების 62 პროცენტი ეროვნულ ვალუტაშია დაზღვეული, ხოლო 38 პროცენტი  – უცხოურში.

5000 ლარამდე ოდენობის დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევის სისტემა საქართველოში 2018 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. აღნიშნული სისტემის დანერგვის ერთ-ერთი მიზეზი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებაა.

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ამოქმედებისას საქართველოში 16 კომერციული ბანკი ოპერირებდა. წლის განმავლობაში სისტემას ერთი კომერციული ბანკი გამოეთიშა. 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულია 15 კომერციული ბანკი.

ავტორი: ქრისტინე გამთენაძე