დენის შმიგალი - ვიდრე რუსეთი ყველა ფრონტზე მარცხდება, ჩვენ სწრაფად უნდა გადავეწყოთ საომარ ეკონომიკაზე
დენის შმიგალი - ვიდრე რუსეთი ყველა ფრონტზე მარცხდება, ჩვენ სწრაფად უნდა გადავეწყოთ საომარ ეკონომიკაზე

უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის განცხადებით, უკრაინა საომარ ეკონომიკაზე უნდა გადაეწყოს.

აღნიშნულის შესახებ შმიგალმა ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა.

„ასობით უცხოური კომპანია ხურავს წარმოებას და კრძალავს მათი საქონლის გაყიდვას აგრესორ ქვეყანაში. ვიდრე რუსეთი ყველა ფრონტზე მარცხდება, ჩვენ სწრაფად უნდა გადავეწყოთ საომარ ეკონომიკაზე“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მისი თქმით, ევროპის საინვესტიციო ბანკმა თანხმობა განაცხადა უკრაინისთვის 639 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ, ხოლო მინისტრთა კაბინეტმა უკვე ყველა საჭირო დოკუმენტაცია მიიღო. შმიგალმა აღნიშნა, რომ საომარ ეკონომიკაზე გადაწყობა გულისხმობს გარკვეული საჭიროებების დაგეგმვას და სახელმწიფომ უკვე დაიწყო საწარმოებისთვის შეკვეთების მიცემა კრიტიკული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

„ეს არ არის მხოლოდ იარაღი, ეს არის საკვები, მედიკამენტები, საწვავი და ა.შ. ჩვენ ვალდებულნი ვართ მივაწოდოთ ქვეყანას ყველაფერი, რაც მას სჭირდება. მთავრობამ უკვე შემოიღო შეზღუდვები სოციალურად მნიშვნელოვანი საქონლისა და ნედლეულის ექსპორტზე, რითაც ისინი იწარმოება. სასურსათო უსაფრთხოებაზე კონტროლი ახლა ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია“, – განაცხადა შმიგალმა.

ამასთან უკრაინის პრემიერის თქმით, პრეზიდენტის განკარგულებით ყველა უკრაინელი, რომელიც ომის შედეგად დაზარალდა, სახელმწიფოსგან 6 500 გრივნას მიიღებს.