დენის შმიგალი - უკრაინამ და გაერთიანებულმა სამეფომ „ოქტოპუსის“ ტიპის ჩამჭრელი დრონების წარმოებაზე ლიცენზირების ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი
უკრაინამ და გაერთიანებულმა სამეფომ ხელი მოაწერეს ლიცენზირების ხელშეკრულებას „ოქტოპუსის“ ტიპის ჩამჭრელი დრონების წარმოებაზე.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრი დენის შმიგალი ავრცელებს.
მისი თქმით, ეს ისტორიული პრეცედენტია, რომელიც დიდ ბრიტანეთში უკრაინული დრონების წარმოების შესაძლებლობას იძლევა, წარმოებული დრონები კი უკრაინას ცის დასაცავად გადაეცემა.
„მოკავშირეებთან ერთად უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებს ვანვითარებთ. ეს არის ისტორიული პრეცედენტი და შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც შესაძლებელს გახდის დიდ ბრიტანეთში უკრაინული დრონების წარმოებას, რომლებმაც „შაჰედებთან“ ბრძოლაში თავიანთი ეფექტურობა დაამტკიცეს. იგეგმება დრონების მასობრივი წარმოება, რამაც შეიძლება, თვეში რამდენიმე ათასს მიაღწიოს. წარმოებული მოწყობილობები ჩვენი ცის დაცვის გასაძლიერებლად უკრაინას გადაეცემა. მადლობა ბრიტანელ პარტნიორებს თანამშრომლობისთვის, ნდობისა და ჩვენი საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის“, – წერს დენის შმიგალი სოციალურ ქსელში.