დენის შმიგალი - „ასოცირებული ტრიოს“ მემორანდუმი ხაზს უსვამს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ამბიციებს, გახდნენ ევროკავშირის წევრები და მოემზადონ აღმოსავლეთ პარტნიორობის წლევანდელი სამიტისთვის
დენის შმიგალი - „ასოცირებული ტრიოს“ მემორანდუმი ხაზს უსვამს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ამბიციებს, გახდნენ ევროკავშირის წევრები და მოემზადონ აღმოსავლეთ პარტნიორობის წლევანდელი სამიტისთვის

ევროინტეგრაციის საკითხებზე „ასოცირებული ტრიოს“ ურთიერთგაგების მემორანდუმი ხაზს უსვამს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ამბიციებს, გახდნენ ევროკავშირის წევრები და უფრო ეფექტურად მოემზადონ აღმოსავლეთ პარტნიორობის წლევანდელი სამიტისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რამდენიმე კვირის წინ, უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ შექმნეს „ასოცირებული ტრიო“, რომელიც, ერთი მხრივ, ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნების ევროპულ მისწრაფებებს და მათ ამბიციებს, გახდნენ ევროკავშირის წევრები და მეორე მხრივ, იძლევა საშუალებას, უფრო ეფექტურად მოემზადონ აღმოსავლეთ პარტნიორობის წლევანდელი სამიტისთვის. კერძოდ, ეს არის რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცების საკითხებთან დაკავშირებით ყურადღების გამახვილება“, – განაცხადა დენის შმიგალმა.

საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროინტეგრაციის საკითხებზე „ასოცირებული ტრიოს“ ურთიერთგაგების მემორანდუმი 17 მაისს გააფორმეს.

უკრაინის პრემიერ-მინისტრი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გუშინ, გვიან ღამით ეწვია. დენის შმიგალი შეხვდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს.

დენის შმიგალი, დელეგაციის წევრებთან ერთად, პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას და გმირთა მოედანზე მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

უკრაინის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი 4 ივნისამდე გაგრძელდება.