დენის შმიგალი აცხადებს, რომ ბელგია უკრაინას სამხედრო დახმარების სახით დამატებით 100 მილიონ ევროს გამოუყოფს
ბელგია უკრაინას 2025 წელს 100 მილიონი ევროს ოდენობის დამატებით სამხედრო დახმარებას გამოუყოფს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, დენის შმიგალმა დაწერა.
მისივე ცნობით, აღნიშნულ სამხედრო დახმარებას ბელგია უკრაინას გამოუყოფს ნატო-ს ახალი ინიციატივის, „უკრაინის საჭიროებების პრიორიტეტული სიის“ ფარგლებში.
როგორც შმიგალმა აღნიშნა, ეს თანხა იმ ერთი მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარებას დაემატება, რომელიც ბელგიამ უკვე გამოუყო უკრაინას.
„მადლობელი ვარ ჩემი კოლეგის, თეო ფრანკენის, ასევე ბელგიელი ხალხის და მთავრობის უკრაინის მხარდაჭერისთვის“, – წერს შმიგალი.
ცნობისთვის, აშშ-მა და ნატომ აამოქმედეს უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მიწოდების ახალი მექანიზმი – „უკრაინის საჭიროებების პრიორიტეტული სია“, რომელიც ითვალისწინებს დაფინანსებას ალიანსის სხვა წევრების შენატანებით.