დენიელ ფრიდი - საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის წარმატებული რეფორმების მაგალითია
დენიელ ფრიდი - საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის წარმატებული რეფორმების მაგალითია

საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის წარმატებული რეფორმების მაგალითია, – ამის შესახებ ამერიკელმა დიპლომატმა, ატლანტიკური საბჭოს საპატიო წევრმა, დენიელ ფრიდმა განაცხადა, რომელიც ვაშინგტონში „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშის წარდგენას დაესწრო.

როგორც დენიელ ფრიდმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საქართველომ მიაღწია დიდ პროგრესს, თუმცა არსებობს საკითხები, რაც ქვეყანას ჯერ კიდევ განსახორციელებელი აქვს.

„უკრაინა და საქართველო ამ მიმართულებით უდავო ლიდერები არიან, საქართველომ შესანიშნავი შედეგი აჩვენა. უკვე ითქვა, რომ საქართველო ახდენს საკუთარი რეფორმების ინსტიტუციონირებას, რეფორმების განხორციელებას კი ძლიერი ინდივიდები სჭირდება, ძლიერ სახელმწიფოს კი ძლიერი, დამოუკიდებელი ინსტიტუციები. სწორედ ესაა საქართველოს მომდევნო გამოწვევა, მისი შემდეგი ნაბიჯები უნდა იყოს დამოუკიდებელი ქვეყნისთვის შესაფერისი ყველა ინსტიტუტის გაძლიერება. ვფიქრობ, საქართველომ მიაღწია დიდ პროგრესს, განსაკუთრებით თუ გასულ 25 წელს შევადარებთ, თუმცა არსებობს საკითხები, რაც ქვეყანას ჯერ კიდევ განსახორციელებელი აქვს. მე საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის დიდი მხარდამჭერი ვარ, საქართველომ უნდა გააგრძელოს პოლიტიკური კაპიტალის დაგროვება, რომ საკუთარი ამბიციები აღასრულოს”, – განაცხადა ფრიდმა.